1.ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: ა) გაფრთხილება; ბ) ჯარიმა; გ) სამუშაო პროცესის შეჩერება.
2.ზედამხედველი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისას გასცემს მითითებას აღმოჩენილი დარღვევის ზედამხედველი ორგანოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში გამოსწორების შესახებ.
3.ზედამხედველი ორგანოს მიერ დადგენილი გონივრული ვადა შეიძლება შეთანხმდეს სამართალდამრღვევთან და აღინიშნება შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე.
4.ზედამხედველი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაცემული მითითებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ამოწმებს სამართალდამრღვევს, რის შესახებაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აღინიშნება საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა.
5.ზედამხედველი ორგანო დარღვევის გამოსასწორებლად გაცემული მითითებით დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების და გაცემული მითითების შესასრულებლად სამართალდამრღვევისთვის დამატებითი გონივრული ვადის მიცემის შესახებ. ამასთანავე, ზედამხედველ ორგანოს უფლება აქვს, შეაჩეროს სამუშაო პროცესი ამ მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
6.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შემოწმების აქტი შესაძლებელია შედგეს ზედამხედველი ორგანოს მითითებით დადგენილი ვადის გასვლამდე. ეს ფაქტი უნდა აღინიშნოს შემოწმების აქტში.
7.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი.
8.ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ზედამხედველი ორგანო გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.
9.ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისაგან.
10.დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ზედამხედველი ორგანო დააკისრებს საურავს აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
11.ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.
12.სამუშაო პროცესი შეჩერდება შემდეგი წესით: ა) ამ კანონით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომლისთვისაც ადმინისტრაციულ სახდელად განსაზღვრულია სამუშაო პროცესის შეჩერება, ადგენს ზედამხედველი ორგანო, ხოლო ზედამხედველი ორგანოს მიერ მიღებულ სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას ამტკიცებს სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ზედამხედველი ორგანო ვალდებულია შეაჩეროს მიმდინარე კონკრეტული სამუშაო პროცესი სამუშაო სივრცის კონკრეტულ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე) ან შესაბამის სამუშაო ადგილზე (ადგილებზე), თუ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო საფრთხე ექმნება სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დასაქმებულის ან მესამე პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მისი დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისას გაცემული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზედამხედველ ორგანოს უფლება აქვს, შეაჩეროს სამუშაო პროცესი სამუშაო სივრცის კონკრეტულ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე) ან შესაბამის სამუშაო ადგილზე (ადგილებზე); დ) ზედამხედველი ორგანო ვალდებულია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 24 საათში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობის აღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო სამუშაო პროცესი – აღდგენილად.
13.სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოქმედებს შესაბამისი დარღვევის გამოსწორებამდე და ზედამხედველი ორგანოს მიერ სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. დარღვევის გამოსწორების შემდეგ ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია თავისი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე 24 საათში გააუქმოს ზედამხედველი ორგანოს მიერ მიღებული სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება.
14.ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გაუქმებულად ჩაითვლება.
15.თუ ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილი პირი მიიღებს გადაწყვეტილებას სამუშაო პროცესის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, მისი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ჩაჰბარდეს/გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.
16.ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21 61 და 21 62 მუხლებით დადგენილი წესით.

