1.უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვასა და შეთანხმებას ორგანიზებას უწევს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი.
2¹.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 17 ივნისისა უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ ეგზავნება კომიტეტებს და ფრაქციებს.
3.უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ და მიიღონ საჭირო ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან, სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან.
4.უმაღლესი საბჭოს კომიტეტები, როგორც წესი, მათ გამგებლობას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით განიხილავენ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც არაუგვიანეს 25 ივნისისა წარედგინება უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის გადაგზავნის მიზნით გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნულ მასალებს არაუგვიანეს 30 ივნისისა უგზავნის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 მაისის რეგლამენტი №73-IIს - ვებგვერდი, 22.05.2023წ.
