1.მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტზე არ არის განხორციელებული ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას.
2.მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დამკვეთმა ან მისმა წარმომადგენელმა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე წერილობით უნდა მიმართოს სააგენტოს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ, მიმართვას უნდა დაურთოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა.
3.მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისას სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მშენებლობის დასრულების თარიღის შეცვლის შესახებ, რის თანახმადაც ცვლილებები შედის სანებართვო მოწმობაში.
4.თუ დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი სააგენტოს განცხადებით მიმართავს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მშენებლობის ახალი ნებართვის მიღება.
5.დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას დაურთოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად გადახდილი მოსაკრებლის ახალი ქვითარი.
6.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გასცემს მშენებლობის ნებართვას.
7.სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვა გაიცემა დადგენილების 48-ე მუხლის შესაბამისად.
8.ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობის ორგანიზების პროექტის წარდგენა არ არის სავალდებულო საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მიზნებისათვის. საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე განთავსებულ საინჟინრო ნაგებობებზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ან მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის ახალი ნებართვის მიღებისათვის დამკვეთის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის დასამთავრებლად გონივრული ვადა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №748 – ვებგვერდი, 15.12.2020წ.

