1.თუ მოთხოვნილია შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და სარეგისტრაციოდ წარდგენილი არ არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტაცია ან შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი, ლეგალიზების აქტი, შენობა-ნაგებობა ან მისი ერთეული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად არ მიიჩნევა, ასეთ შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლება რეგისტრაციას არ ექვემდებარება. თუ განმცხადებელი არის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მას აქვს მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობის თაობაზე გაიცემა საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან და ეს შენობა-ნაგებობა არ აისახება საჯარო რეესტრიდან ამონაწერში და საკადასტრო გეგმაზე.
2.საინფორმაციო ბარათი უნდა ასახავდეს ინფორმაციას მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად არსებული ყველა შენობა-ნაგებობების თაობაზე.
3.მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობის თაობაზე გაცემულ საინფორმაციო ბარათში აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) განცხადების ნომერი, საინფორმაციო ბარათის მომზადების თარიღი, მიწის ნაკვეთის მისამართი, ფართობი, საკადასტრო კოდი, მიზნობრივი დანიშნულება; ბ) შენობა-ნაგებობ(ებ)ის ნომერი, სართულიანობა, ფუნქციური დანიშნულება, ფართობი, მითითება სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე არსებულ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით; გ) ჩანაწერი იმის შესახებ, რომ სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე არსებულ შენობა-ნაგებობაზე ან/და მის ნაწილზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული და იგი არ არის სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი; დ) მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის გრაფიკული მონაცემები (საკოორდინატო ბადე, მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, შენობა-ნაგებობები, მასშტაბი, პირობითი აღნიშვნები).
4.თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ნაწილზე არ არის გაცემული სამშენებლო დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობ(ებ)ის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი, ლეგალიზების აქტი ან შენობა-ნაგებობის ნაწილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად არ მიიჩნევა, საინფორმაციო ბარათის გრაფიკულ მონაცემებში მთლიანი შენობა-ნაგებობა აისახება, როგორც სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე არსებული. საინფორმაციო ბარათში დამატებით მიეთითება როგორც შენობა-ნაგებობის იმ ნაწილის ფართობი, რომელზეც გაცემულია სამშენებლო დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი, ლეგალიზაციის აქტი ან რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად მიიჩნევა, ისე – სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე არსებული ნაწილის ფართობი.
5.შენობა-ნაგებობის ერთეულზე, რომლის ნაწილზეც გაცემული არ არის სამშენებლო დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი, ლეგალიზაციის აქტი ან ეს ნაწილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად არ მიიჩნევა, საინფორმაციო ბარათზე აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) განცხადების ნომერი, საინფორმაციო ბარათის მომზადების თარიღი, უძრავი ნივთის მისამართი, ფართობი, საკადასტრო კოდი, ფუნქციური დანიშნულება, სართული; ბ) შენობა-ნაგებობის ერთეულის იმ ნაწილის ფართობი, რომელზეც გაცემულია სამშენებლო დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი, ლეგალიზაციის აქტი ან რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად მიიჩნევა და სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე არსებული ნაწილის ფართობი; გ) ჩანაწერი იმის შესახებ, რომ შენობა-ნაგებობის ერთეულის ნაწილზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული და იგი არ არის სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი.
6.შენობა-ნაგებობის ერთეულზე გაცემულ საინფორმაციო ბარათს დაერთვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზი, შენობა-ნაგებობის ერთეულის იმ ნაწილის მონიშვნით, რომელზეც გაცემული არ არის სამშენებლო დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი ან ლეგალიზაციის აქტი ან რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად არ მიიჩნევა.
7.საინფორმაციო ბარათი მზადდება უძრავ ნივთზე უფლების/ვალდებულების ან მასში ცვლილების რეგისტრაციისას, ასევე, უძრავ ნივთზე ამონაწერის ან/და საკადასტრო გეგმის მომზადებისას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №993 - ვებგვერდი, 26.03.2024 წ.

