1.პირბადე წარმოადგენს რესპირატორული დაცვის უზრუნველმყოფ საშუალებას, რომელიც ახდენს სასუნთქ სისტემაში წვეთებისა და ნაწილაკების მოხვედრის პრევენციას. პირბადე შესაძლოა იყოს სამედიცინო ან არასამედიცინო.
2.სამედიცინო პირბადე განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი პერსონალისთვის. ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო პირბადის საწყისი ფილტრაციის მაჩვენებელია წვეთოვანი ნაწილაკების არანაკლებ 95%-ის შეკავების უნარი. სამედიცინო პირბადე შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ა) სითხეებისადმი რეზისტენტული ქსოვილი (რომელიც ეფექტურია მტვრისა და სხვა მიკრონაწილაკების შესაკავებლად); ბ) რეგულირებადი ცხვირის ფირფიტა (რომელიც საჭიროა ცხვირსა და სახეს შორის სიცარიელის შესავსებად); გ) ფილტრის შრე; დ) კანთან საკონტაქტო ფენა; ე) ყურის ელასტიკური მარყუჟები.
3.არასამედიცინო პირბადეს წარმოადგენს სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებული ნიღბები. მსგავსი პირბადის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ინფექციის წყაროს კონტროლისათვის (ანუ დაავადებული ადამიანისგან ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით) და შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც თავდაცვის საშუალება საყოფაცხოვრებო პირობებში.
4.არასამედიცინო პირბადის მახასიათებლებია: ა) პირბადის ქსოვილი: სხვადასხვა ქსოვილის პირბადეების ფილტრაციის ეფექტურობა მერყეობს 0,6%-დან 70%-მდე. მასალა არ უნდა იყოს წელვადი; ბ) შრეების რაოდენობა: რეკომენდებულია პირბადეს ჰქონდეს არანაკლებ სამი შრისა ფილტრაციის უნარის გასაზრდელად. შიდა შრე უნდა იყოს ჰიდროფილური და უზრუნველყოფდეს გამოყოფილი ნაწილაკების შეჩერებას, ხოლო გარე შრე – ჰიდროფობური, რათა მოახდინოს მის ზედაპირზე მოხვედრილი ნაწილაკების შეკავება; გ) პირბადის ფორმა: პირბადე სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს, დაფიქსირებული უნდა იყოს ნიკაპსა და ცხვირზე.
5.პირბადის გამოყენებისას აუცილებელია ხელის ჰიგიენის დაცვა.
6.დაუშვებელია ერთი პირბადის ერთზე მეტი პირის მიერ გამოყენება.

