გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 61. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა
1.კრედიტორი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის მოვალის მიმართ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება აქვს, უფლებამოსილია განახორციელოს ეს უფლება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიუხედავად, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისისა. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგება შესაბამისი მოთხოვნის შესრულების დრო ან/და მისი წარმოშობისთვის აუცილებელი პირობა.
2.გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ წარმოშობილ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მმართველი ან მართვაში მყოფი მოვალე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით.
3.ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია, თუ: ა) კრედიტორის მოთხოვნა კრედიტორთა რეესტრში შეტანილი არ არის; ბ) მოვალის მიმართ კრედიტორის ვალდებულება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 90 დღის განმავლობაში წარმოიშვა და კრედიტორმა ეს ვალდებულება მოთხოვნათა გაქვითვის მიზნით იკისრა; გ) კრედიტორმა მოთხოვნა სხვა კრედიტორისგან გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 90 დღის განმავლობაში ან გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ შეიძინა; დ) კრედიტორის მოთხოვნა ისეთი ქმედების საფუძველზე წარმოიშვა, რომელიც ამ კანონის VIII თავის შესაბამისად შეცილებას ექვემდებარება.
4.მოთხოვნათა გაქვითვის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნარო იყო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 90 დღის განმავლობაში.
