1.პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა.
2.ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას ამ ფრაქციის გაუქმების ან მისი ამ ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის მომენტიდან. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ფრაქციამ იგი პარლამენტის ორგანოდან ან საპარლამენტო თანამდებობიდან გამოიწვია. თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ფრაქცია თავის მიერ წარდგენილი წევრის პარლამენტის ორგანოდან ან საპარლამენტო თანამდებობიდან გამოწვევის შესახებ წერილობით განცხადებას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, ხოლო აღნიშნული პირი წყვეტს ამ ორგანოში/ თანამდებობაზე საქმიანობას შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა.
3.ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში, თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. ასეთ შემთხვევაში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების დამტკიცება არ იწვევს აღნიშნული კვოტების დამტკიცებამდე პარლამენტის შესაბამის ორგანოში წარდგენილ იმ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას, რომლებსაც ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებები უშუალოდ არ შეხებიათ.
4.პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.
5.თუ ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია თვითონ განსაზღვროს პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან თავისი წევრების გამოწვევის საკითხი. ფრაქციის მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი ფრაქციის წევრის გამოწვევის საკითხს სათანადო ორგანოს სხდომაზე წილისყრით წყვეტს სხდომის თავმჯდომარე. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

