1.ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი არის ქვეყნის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების შესახებ, ასევე ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
2.ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მხარჯავ დაწესებულებებთან კოორდინაციით, რისთვისაც ზემოაღნიშნული თანამდებობის პირები და ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია.
3.ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით ყოველი წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტებისა) და სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხასა და წარდგენის ვადებს.
4.საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციაზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტების დასკვნები არა უგვიანეს 20 ივნისისა ეგზავნება საქართველოს მთავრობას. საქართველოს სამინისტროები ყოველი წლის 30 ივნისამდე ამტკიცებენ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს, რომლებიც მოიცავს პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს.
5.ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის: ა.ა) ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების (ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, ინვესტიციები და ა. შ.) პროგნოზებს და მათ აღწერას; ა.ბ) სახელმწიფოს ერთიანი, საქართველოს ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსურ და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს; ბ) გასული საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს; გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის: გ.ა) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო პრიორიტეტებს; გ.ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებს, მათ მიზნებსა და დაფინანსების ოდენობებს; გ.გ) მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისთვის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს; გ.დ) აგრეგირებულ მაჩვენებლებს სახელმწიფო ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ; გ.ე) სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებების ჩამონათვალს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები საბიუჯეტო განაცხადში ასახავენ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს; დ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრულ რიცხოვნობას მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით; ე ) „ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური წესების ზღვრული მოცულობების ფარგლებში პროგნოზირებულ ძირითად ფისკალურ მაჩვენებლებს .
6.საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 10 ივლისისა იწონებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა) პირველად ვარიანტს.
7.ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა) საქართველოს პარლამენტს წარედგინება ამ კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად.
8.საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ურთიერთშესაბამისობას . საქართველოს სამინისტროები უზრუნველყოფენ ამ მუხლის მე -4 ნაწილის საფუძველზე დამტკიცებული მათი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტთან და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონთან შესაბამისობას . საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3461 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

