Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სტატიებზე დაბრუნება
  1. ბლოგი
  2. ჩვენი საქმეები
  3. სახე და ხმა, როგორც სამართლებრივი ობიექტი: დანიი…
თემის გზა
  1. ბლოგი
  2. ჩვენი საქმეები
  3. სახე და ხმა, როგორც სამართლებრივი ობიექტი: დანიი…
წაიკითხეთ:Русский|English
ჩვენი საქმეები

სახე და ხმა, როგორც სამართლებრივი ობიექტი: დანიის კანონპროექტი DeepFake-ის წინააღმდეგ

5 წთ·21 ოქტ 2026ლიანა ზაგაშვილი

სარჩევი

  • სახე და ხმა, როგორც სამართლებრივი ობიექტი: დანიის კანონპროექტი DeepFake-ის წინააღმდეგ
  • 1. რას ითვალისწინებს დანიის კანონპროექტი
  • 2. სამართლებრივი ბუნება: ახალი უფლება და არა პიროვნების უფლება
  • 3. ტეილორ სვიფტი და მეთიუ მაკკონაჰი: სასაქონლო ნიშანი, როგორც დაცვის ინსტრუმენტი
  • 4. მუშაობს თუ არა ეს სტრატეგია
სახე და ხმა, როგორც სამართლებრივი ობიექტი: დანიის კანონპროექტი DeepFake-ის წინააღმდეგ

სახე და ხმა, როგორც სამართლებრივი ობიექტი: დანიის კანონპროექტი DeepFake-ის წინააღმდეგ

ხელოვნური ინტელექტი დღეს რამდენიმე წამში ქმნის ისეთ ვიდეოს ან ხმოვან ჩანაწერს, რომელშიც რეალური ადამიანი ამბობს ან აკეთებს იმას, რაც არასოდეს უთქვამს და არასოდეს გაუკეთებია.

2026 წლის ოქტომბერში, დანიამ საპარლამენტო განხილვაში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ასეთი გავრცელების აკრძალვას ადამიანის თანხმობის გარეშე ითვალისწინებს, ხოლო აშშ-ში, მომღერალმა ტეილორ სვიფტმა და მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ, იმავე პრობლემის გადასაჭრელად სრულიად განსხვავებული ინსტრუმენტი, სასაქონლო ნიშნის, რეგისტრაცია აირჩიეს.

 ეს ორი მიდგომა კარგად აჩვენებს, რომ კანონმდებლები, იურისტები და უფლებამოსილი პირები ერთსა და იმავე კითხვაზე პასუხს განსხვავებულ სამართლებრივ კონცეფციებში ეძებენ: ვის ეკუთვნის ადამიანის სახესა და ხმაზე უფლება და როგორია ამ უფლების სამართლებრივი ბუნება? სტატიაში განვიხილავ დანიის კანონპროექტს, მის დადებით მხარეებსა და საკითხებს, რომლებიც ფრთხილ შეფასებას საჭიროებს. ასევე მიმოვიხილავ სვიფტისა და მაკკონაჰის სტრატეგიას და იმას, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ მიდგომებს საქართველოსთვის.

1. რას ითვალისწინებს დანიის კანონპროექტი

დანიამ 2026 წლის 8 ოქტომბერს განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ადამიანის სახისა და ხმის რეალისტური ციფრული იმიტაციების გავრცელებას მისი თანხმობის გარეშე. კანონპროექტი ითვალისწინებს დანიის საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას და მიზნად ისახავს როგორც მოქალაქეთა, ისე შემსრულებელთა დაცვას. შემსრულებელთა შემთხვევაში დაცვა მათი შესრულების ციფრულ იმიტაციებსაც მოიცავს.  

პროექტი 2025 წლის ივნისში მიღწეულ ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას ეყრდნობა, რომელიც მაშინდელი კულტურის მინისტრის, იაკობ ენგელ-შმიდტის, ინიციატივით იქნა მიღწეული. პროექტი ითვალისწინებს გამონაკლისებს სატირის, პაროდიის, კარიკატურისა და ხელისუფლებისა და საზოგადოების კრიტიკისთვის. თუმცა, ეს გამონაკლისები არ ეხება დეზინფორმაციას, რომელიც სხვათა უფლებებს, არსებით ინტერესებს, სიცოცხლეს ან ქონებას კონკრეტულ სერიოზულ საფრთხეს უქმნის. კულტურის მინისტრი მთავარ მიზნად ასახელებს ტექნოლოგიური გიგანტების მიერ მანიპულირებული კონტენტის სწრაფად წაშლას საკუთარი პლატფორმებიდან, რათა ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს.

2. სამართლებრივი ბუნება: ახალი უფლება და არა პიროვნების უფლება

დანიის მიდგომის თავისებურება მხოლოდ აკრძალვით არ შემოიფარგლება. დანია ევროკავშირში პირველი ქვეყანაა, რომელიც ადამიანის სახისა და ხმის დაცვას ინტელექტუალური საკუთრების ახალი უფლების შემოღებით ცდილობს, საავტორო უფლების მომიჯნავე უფლების მოდელზე დაყრდნობით. კონტინენტურ ევროპაში სახე და ხმა ტრადიციულად დაცული იყო პიროვნული უფლებებით, რომლებიც სხვა პირისთვის გადაცემას არ ექვემდებარება, უმთავრესად დაცვის ფუნქციას ასრულებს და მხოლოდ ნაწილობრივ აქვს კომერციული მნიშვნელობა. დანიის მიდგომა ამ ტრადიციას სცდება და ითვალისწინებს ახალ უფლებას, რომელიც შესაძლოა სხვა პირს გადაეცეს და კომერციული მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. ამავე ანალიზის მიხედვით, დანიური მოდელი ერთმანეთისგან განასხვავებს ორ ჯგუფს: შემსრულებლებს, რომლებსაც საკუთარ ხმასა და გარეგნობაზე კონკრეტული უფლებები ენიჭებათ, და სხვა პირებს, რომლებზეც დაცვა ასევე ვრცელდება. 

ეს კონცეპტუალური არჩევანი ურთიერთსაპირისპირო შეფასებებს იწვევს. ერთი მხრივ, მომხრეები ეკონომიკურ ასიმეტრიაზე მიუთითებენ: საავტორო უფლების მფლობელს შეუძლია ისარგებლოს ლიცენზირების, უფლების გადაცემისა და აღსრულების განვითარებული მექანიზმებით, ხოლო პიროვნული უფლებების შემთხვევაში ეკონომიკური ღირებულების განსაზღვრა რთულია, რაც ზიანის შეფასებასაც ართულებს. მეორე მხრივ, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ადამიანის სახე განუყოფლად უკავშირდება მის პიროვნებას და მისი ინტელექტუალური საკუთრების ეკონომიკურ ობიექტად ქცევა არასწორია.

ამასთან, აკადემიურ კომენტარებში ხაზგასმულია, რომ DeepFake-ის ყველა ფორმა დაცვის ერთნაირ მექანიზმს არ საჭიროებს: პორნოგრაფიული DeepFake-ს უპირველეს ყოვლისა, ადამიანის ღირსებას ხელყოფს; მუსიკისა და ფილმების იმიტაცია ეკონომიკურ ინტერესებს აზიანებს; პოლიტიკური DeepFake კი, საზოგადოებას უქმნის საფრთხეს. ამიტომ ზოგიერთი ავტორი უპირატესობას ანიჭებს ამ განსხვავებული სახის ზიანის შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოებში განხილვას. მაგალითად, დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად ისინი გამჭვირვალობის ვალდებულებებს გამოყოფენ, რომლებიც „ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ ევროკავშირის აქტის მე-50 მუხლშიც არის გათვალისწინებული.  

3. ტეილორ სვიფტი და მეთიუ მაკკონაჰი: სასაქონლო ნიშანი, როგორც დაცვის ინსტრუმენტი

მნიშვნელოვანია დაზუსტდეს, რომ სვიფტისა და მაკკონაჰის შემთხვევები ერთმანეთთან დაკავშირებულ დავას არ წარმოადგენს და არცერთ მათგანს უცდია მეორის ხმის რეგისტრაცია. ორივემ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სცადა საკუთარი ხმისა და გამოსახულების სასაქონლო ნიშნად რეგისტრაცია, რათა თავი დაეცვა ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებისგან.

2026 წლის 24 აპრილს სვიფტის კომპანიამ TAS Rights Management-მა აშშ-ის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების სამსახურში (USPTO) სამი განაცხადი შეიტანა: ორი ხმოვანი ნიშნისთვის, რომლებიც მის ხმას გულისხმობს („Hey, it's Taylor Swift“ და „Hey, it's Taylor“), და ერთი ვიზუალური ნიშნისთვის, რომელიც ფოტოსურათს ასახავს, სადაც სვიფტი ვარდისფერი გიტარით, მრავალფერად მოელვარე ბოდითა და ვერცხლისფერი ჩექმებით სცენაზე დგას. განაცხადები შეიტანა Venable-ის ადვოკატმა, ხოლო ისინი პირველად შენიშნა და შეაფასა ინტელექტუალური საკუთრების ადვოკატმა ჯოშ გერბენმა, რომლის მოსაზრებით, ნიშნები „სპეციალურად შექმნილია ტეილორის ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული საფრთხეებისგან დასაცავად“. ტეილორ სვიფტი ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი ცნობილი მსხვერპლია: ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მისი გამოსახულების გამოყენებით შექმნილი პორნოგრაფიული დიფფეიქები, ხოლო 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, ყალბი მასალები, რომლებიც ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს იგი კონკრეტულ კანდიდატს უჭერდა მხარს.

მაკკონაჰიმ ეს გზა უფრო ადრე აირჩია: 2026 წლის იანვარში მისმა იურისტებმა USPTO-სგან რვა სასაქონლო ნიშანი მიიღეს, მათ შორის ხმოვანი ნიშანი, მისი ფრაზა „Alright, alright, alright“ რეგისტრაციები კონკრეტულ საქონელსა და მომსახურებას უკავშირდება: მაგალითად, ჩამოსატვირთ ვიდეო და აუდიოვიზუალურ ჩანაწერებს თვითდახმარების, სულიერებისა და გასართობი ტელევიზიის სფეროში, ასევე ცნობილი პიროვნების პირად გამოსვლებსა და სამსახიობო მომსახურებას. აღინიშნა, რომ მიზანი ხმისა და გარეგნობის ხელოვნური ინტელექტით უნებართვო გამოყენებისგან დაცვაა და ამასთან, ხელოვნური ინტელექტით ახალი შესაძლებლობების განვითარებისას საკუთარი ინტერესების დაცვა. 2025 წელს მაკკონაჰიმ ხმის კლონირების კომპანია ElevenLabs-თან შეთანხმებაც გააფორმა, რომელიც მისი ხმის ხელოვნური ინტელექტით რეპლიკაციის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

4. მუშაობს თუ არა ეს სტრატეგია

სელებრითების მიდგომის შესაბამისად, შეიძლება აღინიშნოს, რომ სფერო ავტორს ხედავს გარკვეულ გამოყენებით ღირებულებად.  თუ ვინმე მაკკონაჰის ხმას ხელოვნურად გაიმეორებს და მას იმავე სფეროში საქონლის ან მომსახურების გასაყიდად გამოიყენებს, სასაქონლო ნიშნის დარღვევა შეიძლება ძლიერი იარაღი იყოს, რადგან უფლებამოსილს უფლებას აძლევს მოითხოვოს აკრძალვა, საქონლის განადგურება, ზიანის ანაზღაურება და ერთჯერადი კომპენსაცია. უფრო ძნელი შესაფასებელია სიტუაცია, როდესაც DeepFake ზუსტად არცერთ რეგისტრაციას არ ემთხვევა, თუმცა ხმისა და გამოსახულების რეგისტრაცია, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია ტექნოლოგიასთან საბრძოლველად.  

ეს ორი მიდგომა თავისი სამართლებრივი ბუნებით განსხვავდება. დანიის კანონპროექტი მიზნად ისახავს უშუალოდ DeepFake-ის დასაცავად ახალი უფლების შემოღებას და ითვალისწინებს პლატფორმების მიერ შესაბამისი კონტენტის წაშლას. სვიფტისა და მაკკონაჰის მიდგომა კი არსებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს ახალ გარემოებებს უსადაგებს და დაცვას კომერციული გამოყენების შემთხვევებზე ამახვილებს. პირველი მიდგომა უფრო ფართოა, რადგან დაცვას არასაჯარო პირებზეც ავრცელებს. მეორე უფრო ვიწროა და უკვე არსებული სამართლებრივი სისტემის ფარგლებში მოქმედებს, თუმცა პრაქტიკულად უმთავრესად საჯარო პირებისთვის არის ხელმისაწვდომი.

ლიანა ზაგაშვილი

ავტორის გვერდი

გაქვთ შეკითხვა ამ თემაზე? დასვით უფასოდ ჩატში ან დაჯავშნეთ კონსულტაცია.