განცხადებაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილების წესი
საბაჟო კოდექსის მე-16-ე მუხლი აწესრიგებს იმ გადაწყვეტილების მიღების წესს, რომელსაც საბაჟო ორგანო იღებს პირის ან პირთა ჯგუფის განცხადების საფუძველზე, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით. განმცხადებელი ვალდებულია ორგანოს წარუდგინოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია, ხოლო საბაჟო ორგანო უნდა შეამოწმოს, შესრულებულია თუ არა განცხადების წარმოებაში მიღებისთვის დადგენილი პირობები, დაყოვნების გარეშე, მაგრამ არაუგვიანეს განცხადების მიღებიდან 30 დღისა, და პირობების შესრულების შემთხვევაში იმავე ვადაში აცნობოს განმცხადებელს განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.
თავად გადაწყვეტილებას საბაჟო ორგანო იღებს დაყოვნების გარეშე, მაგრამ არაუგვიანეს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 120 დღისა. თუ ეს ვადა ვერ დაცულა, ორგანო ვალდებულია ვადის ამოწურვამდე შეატყობინოს ამის თაობაზე განმცხადებელს, მიუთითოს შესაბამისი მიზეზი და გადაწყვეტილების მიღების ახალი ვადა, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. განმცხადებლის მოთხოვნით ვადა შეიძლება გაიზარდოს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის კორექტირების მიზნითაც.
გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და განმცხადებლის გარანტიები
გადაწყვეტილება ძალაში შედის განმცხადებლისთვის ჩაბარების დღიდან და მოქმედებს უვადოდ, თუ საბაჟო კანონმდებლობით ან იმავე გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მისი აღსრულება საბაჟო ორგანოსთვის სავალდებულოა ძალაში შესვლის თარიღიდან. თუ გადაწყვეტილება შესაძლოა უარყოფითად იმოქმედებდეს განმცხადებელზე, ორგანო ვალდებულია მისი მიღებამდე აცნობოს შინაარსი და დასაბუთება და საშუალება მისცეს დადგენილ ვადაში წარადგინოს შესაბამისი არგუმენტაცია. ასეთი გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და მიუთითებდეს კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლებაზე.
განმცხადებელთან შინაარსისა და დასაბუთების წინასწარი გაცნობის მოთხოვნა არ გამოიყენება კოდექსით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისას, ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც ამას ითხოვს სახელმწიფოსა და მოსახლეობის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის, მცენარის სიჯანსაღის, გარემოს ან მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვის ინტერესები, როდესაც გადაწყვეტილების მიზანია სხვა გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, ან როდესაც შესაძლებელია ზიანი მიადგეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ან საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ინტერესებს, ისევე სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში.

