სამოხელეო დანაშაული და კორუფცია — რას მოიცავს კოდექსის შესაბამისი ჯგუფი
სამოხელეო დანაშაულები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცალკე ჯგუფს ქმნის: ეს ნორმები იცავს სახელმწიფო სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამ გვერდზე განხილულია ამ ჯგუფის ძირითალი შემადგენლობები: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა, ქრთამის აღება და მიცემა, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება და სამსახურებრივი სიყალბე. თითოეული მათგანი საკუთარ, ზუსტად განსაზღვრულ სასჯელს ითვალისწინებს.
სამოხელეო ბრალდება ყოველთვის სერიოზულია: ის ეხება პირის სამსახურებრივ ბიოგრაფიას, რეპუტაციას და ხშირად თანამდებობის შენარჩუნების საკითხსაც. თუ ასეთი ბრალდება შეეხება თქვენს ოჯახს ან ორგანიზაციას, მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ, რომელი ნორმა რას ითვალისწინებს და სად არის დაცვის შესაძლებლობები.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. იგივე ქმედება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იმავე ჩამორთმევით. ხოლო თუ ქმედება ჩადენილია არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ანდა დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, დამნაშავე ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჩამორთმევით სამ წლამდე.
ქრთამის აღება — კორუფციულ დანაშაულთა ცენტრი
ქრთამის აღებად კანონი განსაზღვრავს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღებას ან მოთხოვნას, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღებას თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა მან თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს მისგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა. ეს ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
ქრთამის აღება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, დიდი ოდენობით ან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე. ხოლო ამ ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მექრთამეობისათვის მსჯავრდებულის მიერ, არაერთგზის, გამოძალვით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
კანონის შენიშვნა ზუსტად განსაზღვრავს ოდენობებს: დიდი ოდენობით ქრთამად ითვლება ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი სარგებლობის სახით თანხა ათი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამად — თანხა ოცდაათი ათასი ლარის ზევით.

