გემის გირაო და რეგისტრაციის საფუძვლები
საზღვაო კოდექსის შესაბამისი ნორმები გემის იპოთეკას — გემის გირაოს — სრულყოფილად აწესრიგებს. ნებისმიერი გემი, მათ შორის მშენებარეც, ან მასზე უფლება შეიძლება გემთმფლობელმა (დამგირავებელმა) დააგირაოს სესხით ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფით. მოგირავნედ შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნების ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც კანონმდებლობის მიხედვით შესაძლებელია გემი გირაოდ გადაეცეს. გემის რეესტრს აწარმოებს სააგენტო, რომელიც გასცემს შესაბამის მოწმობებს და ამტკიცებს რეგისტრაციის, რეესტრის წარმოებისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებს.
დროებითი რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა მუდმივი ან ვადიანი რეგისტრაციამდე არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო ეს ვადა შესაძლებელია 1 წლამდე გახანგრძლივდეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, გემთმფლობელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე და მთავარი რეგისტრატორის თანხმობით, ვადის ამოწურვის შემდეგ მოწმობის მოქმედება კიდევ გახანგრძლივდება, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა იმავე უფლებებსა და მოვალეობებს წარმოშობს, რომელსაც მუდმივი რეგისტრაცია.
იპოთეკის ხელშეკრულება და რეგისტრაცია
იპოთეკის ხელშეკრულებაში კანონი აუცილებლად მოითხოვს მხარეთა დასახელებასა და მისამართებს, გირავნობის მოთხოვნების უზრუნველყოფის არსს, იპოთეკის ფორმას, ვალდებულების შესრულების ვადას, გემის შეფასებასა და მისი ყოფნის ადგილს, იპოთეკის რეგისტრაციის, გადაცემისა და ცვლილებების შეტანის საკითხებს, რეგისტრირებული იპოთეკის თანამიმდევრობას, აგრეთვე სხვა ნებისმიერ პირობას, რომელიც ერთ-ერთმა მხარემ წამოაყენა და შეთანხმებულია. ხელშეკრულება სათანადოდ უნდა დამოწმდეს და აუცილებლად გატარდეს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, რაზეც ჩანაწერი კეთდება გემის საკუთრების მოწმობაში; რეგისტრაციისათვის წარმოდგენული უნდა იყოს ხელშეკრულების დედანი და ნოტარიუსით დამოწმებული ასლი.
სააგენტო ვალდებულია რეესტრიდან ამონაწერი მიაწოდოს დამგირავებელს, ხოლო მოთხოვნისას — მოგირავნესა და სხვა დაინტერესებულ პირებს; რეგისტრაცია და ამონაწერის გაცემა ფასიანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იპოთეკა არ ნიშნავს მოგირავნისათვის გემის გასხვისებას, და დამგირავებელი არ ჩაითვლება პირად, რომელიც კარგავს გემზე საკუთრების უფლებას. მხარეთა უფლება-მოვალეობა ხელშეკრულებით განისაზღვრება მოგირავნის ქვეყნის კანონმდებლობით, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

