1.პატენტრწმუნებული არის საერთო სპეციალიზაციის ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პირი.
2.პირს უფლება აქვს, გახდეს საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული, თუ: ა) იგი საქართველოს მოქალაქეა; ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ან ინჟინერიის მიმართულებით − მათემატიკის ან მშენებლობის დარგში/სპეციალობით, ან სტატისტიკის ან წარმოების სფეროში; გ) მას ამ კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა; დ) მას აქვს საპატენტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი.
3.პირს უფლება აქვს, გახდეს სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული, თუ: ა) იგი საქართველოს მოქალაქეა; ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება; გ) მას ამ კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა; დ) მას აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში (მათ შორის, ინტელექტუალური სამართლის სფეროში) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი.
4.პატენტრწმუნებული არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, თუ მას ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.
5.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპატენტო სფეროში მუშაობის გამოცდილებისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მუშაობის გამოცდილების კრიტერიუმები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
6.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ მოსამზადებელ კურსად ჩაითვლება კურსი, რომლის პროგრამის მინიმალური სტანდარტები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
