საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Article 32. საავტორო უფლებათა მოქმედების ვადები
1. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა მოხდა ფსევდონიმით ან ანონიმურად, მოქმედებს 70 წლის განმავლობაში ამ ფაქტის მართლზომიერად დადგომის თარიღიდან. თუ ამ ვადაში ავტორი გაამჟღავნებს თავის ვინაობას ან თუ მისი ვინაობა ეჭვს არ იწვევს, გამოიყენება ამ კანონის 31-ე მუხლი .
2. საავტორო უფლება თანაავტორობით შექმნილ ნაწარმოებზე მოქმედებს თითოეული თანაავტორის სიცოცხლეში და უკანასკნელი თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.
3. თუ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა ხდება ტომებად, ნაწილებად, გამოშვებებად ან ეპიზოდებად, ხოლო საავტორო უფლების დაცვის ვადა აითვლება ამ ფაქტის მართლზომიერად დადგომის თარიღიდან, ეს ვადა გამოითვლება თითოეული ასეთი ნაწარმოებისათვის.
4. საავტორო უფლება ამ კანონის მე-12 და მე-13 მუხლებში აღნიშნულ ნაწარმოებებზე მოქმედებს 70 წლის განმავლობაში იმ თარიღიდან, როდესაც მოხდა მათი მართლზომიერი გამოცემა ან საჯარო გაცნობა, ხოლო თუ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა არ მომხდარა – მისი შექმნის თარიღიდან.
5. საავტორო უფლება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე მოქმედებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ავტორთაგან (თანაავტორთაგან) უკანასკნელის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. 5 1 . თანაავტორობით შექმნილ ტექსტიან მუსიკალურ ნაწარმოებზე საავტორო უფლება მოქმედებს თითოეული თანაავტორის სიცოცხლეში და უკანასკნელი თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა თანაავტორებად მითითებული ტექსტისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორები, რომელთა ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შეიქმნა მუსიკალური ნაწარმოები.
