პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Article 56. ტექნიკური რეგლამენტი
1. ტექნიკური ნორმის შემცველი, შესასრულებლად სავალდებულო ყველა აქტი მიღებული უნდა იქნეს ტექნიკური რეგლამენტის ფორმით.
2. ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ძირითად პრინციპებს, რომლებიც იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, საკუთრებასა და გარემოს.
3. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები შეიძლება გავრცელდეს პროდუქტზე ამ პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას, ასევე პროცესზე, მომსახურებაზე, პირ სა და ობიექტ ებ ზე და შეიძლება მოიცავდეს მათი ექსპლუატაციის დაწყების და ექსპლუატაციის პერიოდს, თუ ამის თაობაზე მითითებულია ტექნიკურ რეგლამენტში.
4. ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.
5. თუ მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებიდან რამდენიმე ალტერნატიულად არეგულირებს ერთსა და იმავე პროდუქტს ან/და პროცესს, საკმარისია ნებისმიერ მათგანთან შესაბამისობა.
6. თუ მიღებულ, აღიარებულ ან ეკვივალენტად ცნობილ ალტერნატიულ ტექნიკურ რეგლამენტებს შორის განსხვავებაა, ეს არ განიხილება მათ შორის წინააღმდეგობად და ყველა თანაბრად გამოიყენება.
7. თუ ერთი და იმავე პროდუქტის ან/და პროცესის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რამდენიმე ალტერნატიული ტექნიკური რეგლამენტის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მახასიათებლები, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთ-ერთი, შერჩეული ტექნიკური რეგლამენტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პროდუქტის ან/და პროცესის მიმართ სხვადასხვა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მახასიათებლების აღრევა/კომბინაცია.
