პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Article 55. ზოგადი დებულებები
1. ტექნიკური რეგლამენტი ხელს უნდა უწყობდეს ღია საბაზრო ეკონომიკას და თავისუფალ ვაჭრობას. ტექნიკური რეგლამენტის მიღება ან გამოყენება არ უნდა ქმნიდეს არაადეკვატურ ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში/სამეწარმეო საქმიანობაში, მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობაში, და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.
2. პროდუქტი, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა, უნდა შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბაზარზე განთავსებისას და ექსპლუატაციის პერიოდში.
3. არ შეიძლება აიკრძალოს, შეიზღუდოს ან ხელი შეეშალოს იმ პროდუქტის ბაზარზე განთავსებას, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
