ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Article 45^3. ინსაიდერული ვაჭრობა
1. ინსაიდერული ვაჭრობა არის ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირის მიერ ამ ინფორმაციის გამოყენებით თავის ან მესამე პირის სასარგებლოდ, პირდაპირ ან არაპირდაპირ იმ ფასიანი ქაღალდების შეძენა ან განკარგვა, რომლებსაც ინსაიდერული ინფორმაცია ეხება. ინსაიდერულ ვაჭრობად მიიჩნევა აგრეთვე ინსაიდერული ინფორმაციის საფუძველზე ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან განსაკარგავად გაცემული სავაჭრო დავალების გაუქმება ან შეცვლა, თუ ინსაიდერული ინფორმაცია აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ეხება და სავაჭრო დავალება პირმა ამ ინფორმაციის ფლობამდე გასცა.
2. ქმედება მესამე პირისთვის ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიცემად ან მესამე პირის ინსაიდერულ ვაჭრობაზე დაყოლიებად მიიჩნევა, თუ ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირი: ა) ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მესამე პირს აძლევს რეკომენდაციას ან მესამე პირს იყოლიებს, რათა მან შეიძინოს ან განკარგოს ის ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც ინსაიდერული ინფორმაცია ეხება; ბ) ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მესამე პირს აძლევს რეკომენდაციას ან მესამე პირს იყოლიებს, რათა მან გააუქმოს ან შეცვალოს ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან განსაკარგავად გაცემული სავაჭრო დავალება, თუ ინსაიდერული ინფორმაცია აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ეხება.
