ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Article 45^2. ინსაიდერული ინფორმაცია
1. ინსაიდერული ინფორმაციაა: ა) ზუსტი ხასიათის ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ არ გამჟღავნებულა და პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება ერთ ან რამდენიმე ფასიან ქაღალდს ან მის/მათ ემიტენტს/ემიტენტებს და რომელმაც საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ფასიანი ქაღალდის/ქაღალდების ან მასთან/მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს; ბ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლისთვის ან პირისთვის, რომელიც პასუხისმგებელია კლიენტის დავალებების შესრულებისთვის, − ინფორმაცია, რომელსაც აღნიშნულ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს ან პირს კლიენტი აწვდის და რომელიც ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კლიენტის მიმდინარე დავალებების შესრულებას ეხება, თუ ეს ინფორმაცია არის ზუსტი ხასიათის, საჯაროდ არ გამჟღავნებულა და პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება ერთ ან რამდენიმე ფასიან ქაღალდს ან მის/მათ ემიტენტს/ემიტენტებს და მან საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ფასიანი ქაღალდის/ქაღალდების ან მასთან/მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.
2. ინფორმაცია ზუსტი ხასიათის ინფორმაციად მიიჩნევა, თუ იგი ეხება გარემოებას, რომელიც არსებობს ან რომელმაც შესაძლებელია მომავალში იარსებოს, ან შეიცავს ცნობას იმ მოვლენის შესახებ, რომელიც მოხდა ან შესაძლებელია მოხდეს, ამავდროულად, ეს ინფორმაცია საკმარისად განსაზღვრულია, რათა გამოტანილ იქნეს დასკვნა ფასიანი ქაღალდის/ქაღალდების ან მასთან/მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე ამ გარემოების ან მოვლენის შესაძლო ეფექტის თაობაზე. ხანგრძლივი პროცესის შემთხვევაში, რომლის მიზანია დადგეს ან რომლის შედეგადაც დადგება კონკრეტული გარემოება ან მოვლენა, ეს გარემოება ან მოვლენა, აგრეთვე ამ პროცესის განმავლობაში აღნიშნული გარემოების ან მოვლენის დადგომასთან დაკავშირებით განხორციელებული შუალედური ნაბიჯები შეიძლება მიჩნეულ იქნეს ზუსტი ხასიათის ინფორმაციად.
