1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ან პოლიციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანო იღებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის ან იმ უცხოელის, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, ფოტოსურათს, აგრეთვე იღებს მისი თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს. 14 წლამდე უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება დასაშვებია, თუ მისი იდენტიფიცირება ან ვინაობის გადამოწმება სხვაგვარად შეუძლებელია. 14 წლამდე უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღების, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღების დროს გაითვალისწინება მისი უფლებები და საუკეთესო ინტერესები.
2.თუ უცხოელი ფოტოსურათის გადაღებაზე, თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე უარს ამბობს, ეს პერსონალური მონაცემები შეიძლება მიღებულ იქნეს იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენებით.
3.უცხოელის ფოტოსურათი, თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში. ეს პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4.ფოტოსურათის გადაღების, თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღების, აგრეთვე ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.



