საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 86^3. არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებული ქმედებები
1. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში, უცხო ქვეყნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან ღია ზღვაში ასეთი გემის გამოყენებით არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებული რომელიმე შემდეგი ქმედების ჩადენა (ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა): ა) თევზჭერა ან/და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ავტორიზაციის ან/და შესაბამისი სანაპირო ქვეყნის მიერ გაცემული თევზჭერის ლიცენზიის/ნებართვის გარეშე; ბ) თევზჭერის ან/და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება სატელიტური ელექტრონული მონიტორინგის სისტემის (VMS) გარეშე ან სათანადო სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით; გ) ელექტრონული სარეწაო ჟურნალის წარმოების ვალდებულების ან/და თევზჭერის ან/და თევზის ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა; დ) თევზჭერის პროცესის უწყვეტი ვიდეოგადაღების ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და სათანადო უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის წარუდგენლობა; ე) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის გემიდან სხვა გემზე გადატვირთვამდე სათანადო სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებული ინფორმაციის შეუტყობინებლობა; ვ) აკრძალულ ტერიტორიაზე თევზჭერა, აკრძალულ დროს თევზჭერა ან/და თევზის კვოტის გარეშე დაჭერა ან დადგენილ კვოტაზე მეტი ოდენობის თევზის დაჭერა; ზ) აკრძალული სახეობის თევზის დაჭერა ან/და თევზჭერისთვის აკრძალული ან შეუსაბამო მოწყობილობის/იარაღის თევზის დასაჭერად გამოყენება; თ) თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის ამოსაცნობი ნიშნის ან რეგისტრაციის დოკუმენტის გაყალბება ან დამალვა; ი) ამ ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული მტკიცებულების დამალვა, განადგურება ან/და დაზიანება; კ) სათანადო უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლისთვის შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა; ლ) დაშვებულზე მცირე ზომის თევზის მოპოვება, გადაზიდვა, ხმელეთზე გადმოტვირთვა ან/და სხვა გემზე გადატვირთვა; მ) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის გემიდან ევროკავშირის ან თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისთვის გამოყენებული გემების ნუსხაში შეტანილ გემზე გადატვირთვა ან ასეთ გემთან ერთად თევზჭერის ერთობლივ ოპერაციაში მონაწილეობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარითა და თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა (თევზჭერისგან მიღებული პროდუქტი) და სამართალდარღვევის იარაღის (თევზის დასაჭერად უშუალოდ გამოსაყენებელი იარაღი − თევზსაჭერი ბადე, მსგავსი დანიშნულების სხვა იარაღი) კონფისკაციით.
