1.დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას ახორციელებენ დაზღვევის აგენტი და სადაზღვევო ბროკერი.
2.მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო საქმიანობა განახორციელოს როგორც უშუალოდ, ისე დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი წესით რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით.
3.დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობად არ მიიჩნევა ამ კანონის მე-2 მუხლის „თ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა, თუ მას მზღვეველი ან მისი თანამშრომელი ახორციელებს, აგრეთვე სხვა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მომხმარებლისთვის იმგვარი დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, რომლის მიზანი არ არის მისთვის დაზღვევის ხელშეკრულების დადებაში/შესრულებაში დახმარების გაწევა, ან სხვა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში სადაზღვევო ორგანიზაციის ზარალის/საჩივრის მართვა/დარეგულირება ან საექსპერტო შეფასება.
4.იმ პირის საფირმო სახელწოდება, რომელიც სადაზღვევო ბროკერის საქმიანობას ახორციელებს, უნდა შეიცავდეს სიტყვებს „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობას. არავის აქვს უფლება, სამსახურის მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე თავის საფირმო სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვები „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სიტყვების „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობის გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ან როდესაც კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია სიტყვები „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, იკვეთება, რომ შესაბამისი პირი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას.




