კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
Article 10^1. მოთხოვნები კომერციული ბანკის შვილობილი საწარმოს მიმართ, რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ ახორციელებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას
1. კომერციულმა ბანკმა საქართველოს ფარგლების გარეთ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს კომერციული ბანკის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) (შემდგომ − FATF) რეკომენდაციების შესასრულებლად შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.
2. თუ შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არ არის შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ ხორციელდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები: ა) კომერციულმა ბანკმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ იგი უზრუნველყოფს თავისი შვილობილი საწარმოს მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას კომერციული ბანკისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად; ბ) კომერციული ბანკი უზრუნველყოფს ეროვნული ბანკისთვის იმის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომ მისი შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს, რადგან ამას კრძალავს ან ზღუდავს შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2830 - სსმ I, №19 13.04.2010 წ., მუხ.104 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5228 – ვებგვერდი, 30.10.2019წ.
