საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 190. ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი
1. სარჩელის, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ანდა დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არის მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ, ანდა რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ ამ ქონების მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია დააყადაღოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონება. ამ ნაწილში მითითებული პირობების არსებობისას, თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია აღძრას შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე თანამდებობის პირის ქონების, მათ შორის, საბანკო ანგარიშების, დაყადაღების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქონებაზე ყადაღის დადების ღონისძიება ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–330-ე და 331 1 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას, აგრეთვე მათი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არის საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად.
