საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 94. მოწმის უფლება-მოვალეობანი
1. მოწმე ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის , სასამართლოს გამოძახებით ; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს ; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს; არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.
2. თუ მოწმე არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, იგი შეიძლება იძულებით მოიყვანონ 176-ე მუხლით დადგენილი წესით. გამოუცხადებლობის, თავმჯდომარის განკარგულებათა შეუსრულებლობის, საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემულობისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე (208-ე მუხლი) .
3. ჩვენებაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების მიცემისათვის მოწმე პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-371-ე მუხლებით, ამასთან, მოწმე არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება თავისი ან მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
4. მოწმეს უფლება აქვს: იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული; ჩვენება მისცეს მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; აცილება მისცეს თარჯიმანს; საკუთარი ხელით ჩამოაყალიბოს თავისი ჩვენება; გაეცნოს დაკითხვის ან მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა, გააკეთოს განცხადება გამოძიების უკანონო მეთოდების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, სადაც ჩაწერილია მისი ჩვენება, და მოითხოვოს მასში დამატებების, ცვლილებებისა და დაზუსტებების შეტანა, ისარგებლოს წერილობითი ჩანიშვნებითა და დოკუმენტებით; ამ კოდექსის 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იძულებითი ექსპერტიზისას ისარგებლოს 366-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით; გამომძიებლის უკანონო მოქმედება გაასაჩივროს პროკურორთან, არ მისცეს ჩვენება, რომელიც ამხელს მას ან მის ახლო ნათესავებს დანაშაულის ჩადენაში; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გაეცნოს ოქმს და გააკეთოს განცხადებები, რომლებიც ოქმში შეიტანება. (94-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: „მოწმე ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, ... გამოძახებით; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს“, მე-2 ნაწილის პირველი წინადადება და მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პროკურორის ან გამომძიებლის მიერ გამოძახებული მოწმისათვის გამოუცხადებლობის გამო ფულადი სახდელის დაკისრების შესაძლებლობას ძალადაკარგულად იქნა ცნობილი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/13/1234,1235 – ვებგვერდი, 21.12.2018წ. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/13/1234,1235 – ვებგვერდი, 21.12.2018წ.
