1.არ შეიძლება მოწმედ გამოიძახონ და დაკითხონ: ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის დამცველი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ბ) დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; გ) ადვოკატი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის ან წარმომადგენლობის მიღებამდე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით; დ) ადვოკატი, რომელიც ორგანიზაციას ემსახურებოდა – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დაცვის ან წარმომადგენლობის განხორციელებასთან ან სხვა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით; ე) სასულიერო პირი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად; ვ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის ახლო ნათესავი – თუ იგი არ დათანხმდება მისცეს ჩვენება, როგორც ბრალდების მოწმემ; ზ) სახალხო დამცველი – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს; ზ 1 ) საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები – იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას, თუ ისინი არ დათანხმდებიან, მისცენ ჩვენება; თ) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები – იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს ამომრჩევლებმა; ი) მოსამართლე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც წარმოადგენს მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოებას; კ) ჟურნალისტი – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
2.მოწმედ არ შეიძლება დაკითხონ პირი, რომელსაც მცირეწლოვნობის, ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური დაავადების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს ან აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება, ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.
3.გამომძიებელს, სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვთ მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით) მოწმის მოვალეობისაგან გაათავისუფლონ: ა) ექიმი, მედიცინის და, მეანი, ფარმაცევტი, სხვა სამედიცინო მუშაკი, თუ მათ პროფესიულად ევალებათ საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა; ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი; გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას; დ) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი, რომლის საქმიანობა გასაიდუმლოებულია, და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197 საქართველოს 2007 წლის 27 ივნისის კანონი №5072 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.247 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1463 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.97



