საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 127. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
2. საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას დგება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
3. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის დასახელება; ბ) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; გ) ოქმის შემდგენი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი და გვარი; დ) სამართალდამრღვევი პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (მისი არსებობის შემთხვევაში), ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი); ე) საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი.
4. თუ ჯარიმის დარიცხვისათვის საჭიროა გაანგარიშება, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირი ადგენს ცნობას ჯარიმის თანხის გამოანგარიშების თაობაზე, რომელიც ოქმის განუყოფელი ნაწილია.
5. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაცნობად წარედგინება სამართალდამრღვევ პირს. მას უფლება აქვს წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას.
6. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ: საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევი პირი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე მოწმეები მათი არსებობის შემთხვევაში.
