ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 7. სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა
1. სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან, კომისიასთან და სხვა შესაბამის მხარეებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სახელმწიფოს ენერგეტიკულ პოლიტიკას სულ მცირე 10-წლიანი პერიოდისთვის და საქართველოს პარლამენტის მიერ სათანადო წესით დამტკიცებისა და გამოქვეყნების შემდეგ უზრუნველყოფს მის განხორციელებას.
2. სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები: ა) მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი პერიოდებისთვის შემუშავებული სტრატეგია და პრიორიტეტები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო გადაცემის) და განაწილების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო გადაცემის), განაწილების, შენახვის და გათხევადებულ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული საქმიანობის სტრატეგიული განვითარება; ბ) ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მიწოდებას; გ) ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ენერგეტიკული სიღარიბის ეტაპობრივ დაძლევას; დ) ენერგეტიკული სექტორისა და ენერგეტიკული საქმიანობის განვითარების გზით მიწოდებისა და მოთხოვნის გრძელვადიანი დაბალანსების დაგეგმვა, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ტენდენციების გათვალისწინებით; ე) ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული პირველადი ენერგიის წყაროების, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის იმპორტის წყაროების, მარშრუტებისა და მიმწოდებლების დივერსიფიკაციის მექანიზმები; ვ) ეკონომიკურად ეფექტიან და მდგრად პირობებში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდის ან გაუმჯობესების საშუალებები; ზ) ზომები, რომელთა მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება ასეთი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების მიზნით, ისევე, როგორც ნებისმიერი წამახალისებელი ზომა ან მხარდამჭერი მექანიზმი, რომელიც გამოიყენება განახლებადი ენერგიის წყაროების წასახალისებლად; თ) ზომები, მათ შორის, მათთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მხარდამჭერი მექანიზმები, რომლებიც ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად; ი) ენერგეტიკული საქმიანობის, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებები; კ) ენერგეტიკული საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების, აგრეთვე მათი მდგრადი განვითარების საკითხები საქართველოს გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად; ლ) ენერგეტიკული სექტორის ყველა მონაწილის, მათ შორის, მოწყვლადი მომხმარებლების, უფლებებისა და ინტერესების დაცვის ღონისძიებები; მ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურაში, ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურაში, აგრეთვე შესაბამის შემთხვევებში – ბუნებრივი გაზის წარმოების, შენახვისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებში ინვესტიციების წახალისებისა და მოზიდვის ღონისძიებები, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინოვაციური, გარემოსთვის უსაფრთხო და „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების დანერგვა; ნ) ენერგეტიკულ საქმიანობაში კონკურენციის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და სამართლებრივი სიცხადის ხელშემწყობი ზომები; ო) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო კვლევისა და განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდირება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა; პ) საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ანალიზები, პროგნოზები, მოსაზრებები და რეკომენდაციები.
