„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი
Article 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არსებითი განახლება − დანადგარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ღირებულება აღემატება ახალი, მსგავსი დანადგარის მოწყობისთვის საჭირო საინვესტიციო თანხის 50%-ს; ბ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემა − ელექტრონული სისტემა, რომელსაც შეუძლია ენერგიის მოხმარების გაზომვა, მრიცხველით აღრიცხულ სტანდარტულ ინფორმაციაზე მეტი ინფორმაციის მიწოდება და მონაცემების ელექტრონული კომუნიკაციით გაცვლა; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი − ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი; დ) გაზომვისა და დადასტურების პლატფორმა (შემდგომ − პლატფორმა) − ელექტრონული პლატფორმა, რომელიც გამოიყენება ენერგოდანაზოგის სხვადასხვა პარამეტრის, მათ შორის, ენერგიის მოხმარების, დადასტურებისთვის; ე) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი − ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი; ვ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია − ენერგია, რომელიც მიიღება განახლებადი წყაროებიდან, კერძოდ: ქარის, მზის, აეროთერმული, გეოთერმული, ჰიდროთერმული, ოკეანის ენერგია, ჰიდროენერგია, ბიომასა, ნაგავსაყრელებზე ორგანული მასალის დაშლით მიღებული გაზი, წყალარინების გამწმენდ ნაგებობებში წარმოქმნილი გაზი და ბიოგაზი; ზ) გარემოსდაცვითი მართვის სისტემა − საწარმოს გარემოსდაცვითი ღონისძიებების ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთმოქმედი ელემენტების რიგი, რომლებიც განსაზღვრავს ეკოლოგიურ ამოცანებს და ამ ამოცანების შესრულების სტრატეგიას; თ) ეკონომიკურად გამართლებული მოთხოვნა − ენერგიის რაოდენობა, რომელიც არ აღემატება გათბობისა და გაგრილებისთვის საჭირო ენერგიის რაოდენობას და რომლის დაკმაყოფილება, კოგენერაციის გარდა, შესაძლებელია სხვაგვარად, საბაზრო პირობებში გენერირებული ენერგიით; ი) ენერგეტიკული გაერთიანება − საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, მის წევრ ქვეყნებს დაეხმაროს ევროკავშირთან ინტეგრირებული პანევროპული (ევროპული ღირებულებების მქონე) ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებაში; კ) ენერგია − ყველა სახის ენერგია, მათ შორის, საწვავის, თბური, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია, ელექტროენერგია ან ნებისმიერი სხვა ფორმის ენერგია; ლ) ენერგიის გამანაწილებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ჩათვლით), რომელიც პასუხისმგებელია ენერგიის ტრანსპორტირებისთვის ან განაწილების სადგურებში ტრანსპორტირებისთვის მისი საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით; მ) ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი − პირველადი ენერგიის მოხმარების ან ენერგიის საბოლოო მოხმარების შემცირების მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმით; ნ) ენერგიის მიმწოდებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე ენერგიას საბოლოო მომხმარებელს აწვდის; ო) ენერგიის საბოლოო მოხმარება − ენერგია, რომელიც მიეწოდება მრეწველობის, ტრანსპორტის, შინამეურნეობების, მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს. ენერგიის საბოლოო მოხმარებაში არ შედის ენერგეტიკული სექტორისთვის და ენერგიის გარდასაქმნელად მიწოდებული ენერგია; პ) ენერგოაუდიტი − სისტემური პროცედურა, რომლის მიზანია შენობის ენერგოეფექტურობის, სამრეწველო ან კომერციული პროცესის ან/და დანადგარის, საჯარო ან კერძო მომსახურების ობიექტის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება, ენერგიის დაზოგვის ხარჯეფექტური პოტენციალის გამოვლენა და გაანგარიშება და შედეგების შესახებ ანგარიშგება; ჟ) ენერგოდანაზოგი − დაზოგილი ენერგიის რაოდენობა, რომელიც გამოითვლება ენერგიის მოხმარებაზე გავლენის მქონე გარემო პირობების ნორმალიზების პირობებში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების განხორციელებამდე და ამის შემდეგ მოხმარებული ენერგიის გაზომილ ან/და გაანგარიშებულ რაოდენობებს შორის სხვაობის სახით; რ) ენერგოდანაზოგის ფინანსური ღირებულება − მიღწეული და დადასტურებული ენერგოდანაზოგის ფიზიკური მაჩვენებლების (გამოხატულია კვტ.სთ-ით ან ჯოულით) ფულადი ღირებულება, რომელიც შეთანხმებულია ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით; ს) ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვა − საჯარო დაწესებულების მიერ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტის, მომსახურებისა და შენობის შესყიდვა, ხარჯეფექტურობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის ფართო დიაპაზონის, ტექნიკური შესაბამისობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით; [ ს) ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვა − საჯარო დაწესებულების მიერ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტის, მომსახურებისა და შენობის შესყიდვა, ხარჯეფექტურობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის ფართო დიაპაზონის, ტექნიკური შესაბამისობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით; (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] ტ) ენერგოეფექტურობა − შესრულებული სამუშაოს, მომსახურების, პროდუქტის ან/და ენერგიის მოხმარებულ ენერგიასთან თანაფარდობა; უ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები − ღონისძიებები, რომლებითაც მიიღწევა იგივე შედეგი უფრო მცირე მოცულობის ენერგიის მოხმარებით ან უკეთესი შედეგი იმავე მოცულობის ენერგიის მოხმარებით; ფ) ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება − ენერგოეფექტურობის გაზრდა ტექნოლოგიური, ქცევითი ან/და ეკონომიკური ცვლილებების შედეგად; ქ) (ამოღებულია - 27.06.2024, №4310); ღ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემა − მექანიზმი, რომელიც მასში ჩართულ მხარეებს ავალდებულებს ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას ან/და შესყიდვას დადასტურებული ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებით; ყ) ენერგოეფექტურობის პოლიტიკის ღონისძიებები − ენერგომომსახურების ბაზრის მონაწილეების მიერ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და ენერგომომსახურების მიწოდებისა და შესყიდვის ხელშეწყობისა და სტიმულირების მიზნით ჩამოყალიბებული და ამოქმედებული მარეგულირებელი, ფინანსური, ფისკალური, ნებაყოფლობითი ან საინფორმაციო უზრუნველყოფის ინსტრუმენტები; შ) ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი − გამოიყენება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობით; ჩ) ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება – ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების მიმღებსა და მიმწოდებელს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის გადამოწმება და მონიტორინგი ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში მიმდინარეობს და რომლის შედეგად სამუშაოში, მომსახურებაში ან საქონელში განხორციელებული ინვესტიციის ამოგება ხდება ხელშეკრულებით შეთანხმებულ დონემდე გაუმჯობესების შესაბამისად ან/და ენერგეტიკული მახასიათებლების სხვა შეთანხმებული კრიტერიუმების, მათ შორის, ფინანსური დანაზოგების, დაკმაყოფილების მიხედვით; ც) ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ინვესტორი − მხარე, რომელიც იღებს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების რისკებისა და სარგებლის უმეტესობას; ძ) ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირი − ენერგომენეჯერთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც ასევე ჰყავს ენერგომენეჯერთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად სერტიფიცირებული პირი; წ) ენერგომენეჯმენტის სისტემა − მენეჯმენტის გეგმის ურთიერთდაკავშირებული ან ურთიერთმოქმედი ელემენტების რიგი, რომლებიც განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის სამიზნე მაჩვენებელს და ამ მაჩვენებლის მიღწევის სტრატეგიას; ჭ) ენერგომომსახურება − ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა მომსახურებით, მათ შორის, ექსპლუატაციით, საექსპლუატაციო მომსახურებითა და პროცესის მართვით ან/და ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების კომბინაციით, მიღებული მატერიალური სარგებელი, რომელიც ნორმალურ პირობებში განაპირობებს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ან პირველადი ენერგიის დაზოგვის გადამოწმებად ან გაზომვად შედეგს; ხ) ენერგომომსახურების მიმღები − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია ენერგომომსახურების მიმღები საშუალება ან ნაგებობა; ჯ) ენერგომომსახურების მიმწოდებელი − საბოლოო მომხმარებლისთვის ან ენერგომომსახურების მიმღების საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული ობიექტისთვის ენერგომომსახურების ან ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი სხვა ღონისძიებების მიმწოდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი; ჰ) ენერგომომსახურების მიწოდება − ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე საბოლოო მომხმარებლის დანადგარზე ან შენობაში/ნაგებობაში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელება, რისთვისაც ენერგომომსახურების მიმწოდებელი იღებს ანაზღაურებას საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ ინვესტიციის განხორციელებით მიღწეული ენერგოდანაზოგისთვის; ჰ 1 ) ეფექტური ცენტრალური გათბობა და გაგრილება − ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემები, რომლებიც მოიხმარს სულ მცირე 50% განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიას ან 50% ნარჩენ (რეკუპირებულ) თბურ ენერგიას ან 75% კოგენერაციით მიღებულ სითბოს ან/და 50% ზემოაღნიშნული ენერგიისა და სითბოს კომბინაციას; ჰ 2 ) თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობა − გამოიყენება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობით; ჰ 3 ) ინდივიდუალური ღონისძიება − ღონისძიება, რომელიც განხორციელებულია ენერგოეფექტურობის პოლიტიკის შესაბამისად და იწვევს ენერგოეფექტურობის გაზომვად და დადასტურებად ან/და შეფასებად გაუმჯობესებას; ჰ 4 ) ინვესტიცია არამატერიალურ აქტივებში − საკონსულტაციო მომსახურებაში, სარგებლობაში, მართვაში, შესყიდვაში ან/და სხვა საქმიანობაში განხორციელებული ინვესტიცია, რომელიც ენერგომომსახურების მიმღებისთვის მისი შენობების/ნაგებობების და საშუალებების ექსპლუატაციის პირობების ცვლილებით ან ენერგომენეჯმენტის გაუმჯობესებით განაპირობებს დადასტურებად ენერგოდანაზოგებს ან/და ენერგიასთან დაკავშირებულ ფინანსურ დანაზოგებს; ჰ 5 ) ინვესტიცია განუცალკევებელ მატერიალურ აქტივებში − ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული ინვესტიცია შემდეგ აქტივებში: შენობის გარსი, შენობის საექსპლუატაციო მომსახურებისთვის საჭირო აქტივები, მათ შორის, ისეთი აქტივი, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლის კონკრეტული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და რომელიც საბოლოო მომხმარებლის შენობასთან/ნაგებობასთან ისეა დაკავშირებული, რომ იგი ვერ განცალკევდება ან მისი განცალკევება გამოიწვევს არსებით დანახარჯს ან შეამცირებს ამ აქტივის ღირებულებას; ჰ 6 ) ინვესტიცია განცალკევებად მატერიალურ აქტივებში − ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებული ინვესტიცია მის საკუთრებაში არსებულ, მის მიერ შენარჩუნებულ და გამოყენებად აქტივებში, რომლებიც გამოიყენება ენერგიაზე საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად; ჰ 7 ) კოგენერაცია − თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის ან მექანიკური ენერგიის ერთდროული გამომუშავების (წარმოების) პროცესი; ჰ 8 ) კომისია − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ჰ 9 ) მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია − გამოიყენება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობით; ჰ 1 0 ) მონაწილე მხარე − საწარმო ან საჯარო დაწესებულება, რომელმაც ნებაყოფლობითი შეთანხმებით აიღო კონკრეტული მიზნების მიღწევის ვალდებულება ან რომელიც შედის ამ კანონის ან მის საფუძველზე მიღებული დოკუმენტის რეგულირების სფეროში; ჰ 1 1 ) ნებაყოფლობითი შეთანხმება − ადმინისტრაციულ ორგანოსა და ერთ ან რამდენიმე კერძო პირს (საწარმოს) შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიზანია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, ზენორმატიული გარემოსდაცვითი ამოცანების შესრულება ან გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება; ჰ 12 ) პასუხისმგებელი პირი − ადმინისტრაციული ორგანო, ენერგომომსახურების ბაზრის მონაწილე, ენერგომომსახურების მიმწოდებელი, ენერგოაუდიტორი, პირველი კატეგორიის საწარმო, სხვა მონაწილე მხარე; ჰ 13 ) პირველადი ენერგიის მოხმარება − ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ენერგიის ჯამური შიდა მოხმარება (ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების პროცესში დანაკარგების ჩათვლით), გარდა ენერგიის არაენერგეტიკული მიზნით მოხმარებისა; ჰ 14 ) პირველი კატეგორიის საწარმო – საწარმო, რომლის მაჩვენებლები წლიური საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი 3 კრიტერიუმიდან სულ მცირე 2-ს აკმაყოფილებს: ჰ 14 .ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს აღემატება; ჰ 14 .ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება; ჰ 14 .გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება; ჰ 15 ) საბოლოო მომხმარებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობს; ჰ 16 ) საერთო სასარგებლო ფართობი − შენობის ან შენობის ნაწილის ფართობი, სადაც ენერგია შიდა კლიმატის შესაქმნელად გამოიყენება; ჰ 17 ) უფლებამოსილი პირი/მხარე − იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის ან სახელმწიფო უწყების მიერ ენერგოეფექტურობის დაფინანსების სქემის შემუშავების, მართვისა და ოპერირების უფლებამოსილებითაა აღჭურვილი; ჰ 18 ) ყოველწლიური ანგარიში − ყოველწლიურად მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ასახავს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულებაში მიღწეულ პროგრესს; ჰ 1 9 ) შენობის ენერგოეფექტურობა − გამოიყენება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობით; ჰ 20 ) ცენტრალური გათბობა ან ცენტრალური გაგრილება − ერთიანი ქსელით ცენტრალური წყაროდან თბური ენერგიის შენობებისთვის ან/და სხვა ობიექტებისთვის მიწოდება ორთქლის, ცხელი წყლის ან ცივი სითხის საშუალებით, შიდა სივრცის ან/და ტექნოლოგიური პროცესის გათბობის ან გაგრილების მიზნით; ჰ 21 ) ენერგოეფექტურობის წვლილი − ენერგოეფექტურობის საორიენტაციო ეროვნული წვლილი, რომელიც გულისხმობს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად განსახორციელებელ ენერგოეფექტურობის პოლიტიკის ღონისძიებებს და განისაზღვრება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმით; ჰ 22 ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი − სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმით; ჰ 23 ) ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმა (შემდეგ − ეკეგ) – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გეგმა, რომელიც „სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის“ დანართია და რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს; ჰ 24 ) ენერგოაუდიტორი − ენერგოაუდიტის განმახორციელებელი, სტანდარტის − ISO/IEC 17021-ის შესაბამისად აკრედიტებული იურიდიული პირი ან/და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც ენერგოაუდიტს ახორციელებს მრეწველობაში (მათ შორის, ტრანსპორტის სექტორში) ან/და შენობების სექტორში საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2556 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4404 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1693 – ვებგვერდი, 15.06.2026წ. თავი II. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და მისი ღონისძიებები
