1.ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები კონფიდენციალურია, თუ ეს მონაცემები სტატისტიკური ერთეულის პირდაპირი იდენტიფიცირების ან არაპირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ამასთანავე, აგრეგირებული მონაცემები კონფიდენციალურად მიიჩნევა, თუ: ა) ეს მონაცემები არაუმეტეს 3 სტატისტიკურ ერთეულს ეხება და აღნიშნული მონაცემებით შესაძლებელია ერთ-ერთის არაპირდაპირი იდენტიფიცირება ან/და მჟღავნდება ამ ერთეულის/ერთეულების შესახებ კონფიდენციალური მონაცემები. 3-ზე მეტი სტატისტიკური ერთეულის შესახებ აგრეგირებული მონაცემები შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონფიდენციალურ მონაცემებად საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებით, თუ საჭიროა ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა; ბ) ეს მონაცემები „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო საიდუმლოებად არის მიჩნეული.
2.კონფიდენციალური მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონის შესაბამისად ექსკლუზიურად სტატისტიკის წარმოებისთვის.
3.ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონფიდენციალურ ინფორმაციად, გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციისა.
4.საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან მიღებული ინდივიდუალური მონაცემები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციად არის მიჩნეული, არ ითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად.
5.კონფიდენციალური ინდივიდუალური მონაცემების გამოქვეყნება შესაძლებელია, თუ არსებობს სტატისტიკური ერთეულის წერილობითი თანხმობა ამ მონაცემების გამოქვეყნებაზე.
6.კონფიდენციალური მონაცემების გაცემა, გავრცელება ან არასტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია.


