Article 12. ქეშირება
1. მომსახურების მიმღების ინფორმაციის საკომუნიკაციო ქსელით გატარებისას შუალედური მომსახურების მიმწოდებელი ამ ინფორმაციის ავტომატური, შუალედური და დროებითი შენახვისთვის ან მისი შინაარსისთვის პასუხისმგებელი არ არის, თუ ეს ინფორმაცია ინახება სხვა მომსახურების მიმღებისთვის ეფექტიანად და სწრაფად მიწოდების მიზნით, იმ პირობით, რომ შუალედური მომსახურების მიმწოდებელი: ა) არ ცვლის ინფორმაციას; ბ) არ არღვევს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობებს; გ) იცავს ინფორმაციის განახლებასთან დაკავშირებულ წესებს ინდუსტრიაში ფართოდ გამოყენებული და საყოველთაოდ აღიარებული პრაქტიკის შესაბამისად; დ) ხელს არ უშლის ინდუსტრიაში ფართოდ აღიარებული და საყოველთაოდ გამოყენებული ტექნოლოგიის კანონიერად გამოყენებას ინფორმაციის გამოყენების შესახებ მონაცემების მისაღებად; ე) დაუყოვნებლივ შლის შენახულ ინფორმაციას ან/და ზღუდავს მის ხელმისაწვდომობას მას შემდეგ, რაც შეიტყობს, რომ ინფორმაციის გადაცემის პირველად წყაროსთან იგი ქსელიდან იქნა ამოღებული (წაიშალა) ან მისი ხელმისაწვდომობა შეიზღუდა ან სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი შესაბამისი ადმინისტრაციული ან სამართალდამცავი ორგანო კანონის დარღვევის აღსაკვეთად საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა.
