Article 60. სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები
1. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინება დაუყოვნებლივ გადასცეს ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირებულ/ჩარიცხულ პირს.
2. დამსაქმებელი, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 17-დან 27 წლამდე პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) მის მიერ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღოს სამსახურში, არ ჩარიცხოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
3. სამინისტრო წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის მიმდინარეობის, შედეგებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიმართ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში (დაბადების, სახელის ან/და გვარის შეცვლის ან გარდაცვალების თაობაზე) შეტანილი ცვლილების/შესწორების/დამატების შესახებ; ბ) სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის რეგისტრაციიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში აცნობოს მისი რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და რეგისტრაციის ახალი მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში).
