Article 75. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება
1. სამხედრო მოსამსახურე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება: ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის დადგენილი ვადის გასვლის მომდევნო დღეს, გარდა საომარი მდგომარეობისა. ამასთანავე, სამხედრო მოსამსახურე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა; ბ) ვადამდე, ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების გათვალისწინებით.
2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული (მათ შორის, ვადამდე გათავისუფლებული) პირი ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად არ ჩაეთვლება, თუ მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვიდან გასულია ამ კოდექსით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის დადგენილი ვადა, თუმცა პირს აღნიშნული ვადით სრულად ფაქტობრივად არ უმსახურია, გარდა საპატიო მიზეზის არსებობისა ან ამ მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3 1 . ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად არ ჩაეთვლება და დაექვემდებარება ხელახალ გაწვევას იმ ვადით, რომლითაც არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური სამსახურიდან გათავისუფლებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამხედრო მოსამსახურის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძველია: ა) ამ კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებული პირობის წარმოშობა; ბ) ამ კოდექსის 65-ე მუხლით (გარდა 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„ზ“ და „რ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული პირობის წარმოშობა; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობა (სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე); დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; ე) ცალკეულ შემთხვევებში − საქართველოს მთავრობის განკარგულება; ვ) (ამოღებულია - 24.06.2025, №713); ზ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; თ) გარდაცვალება.
5. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის შემთხვევაში დადგენილი ვადით აგრძელებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს, თუ მის მიმართ: ა) გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება (გარდა პატიმრობისა) ან/და მას ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული; ბ) აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა და მას ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი. პატიმრობის პერიოდი არ ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში; გ) აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა და გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი. პატიმრობის პერიოდი ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში; დ) შეწყდება სისხლისსამართლებრივი დევნა. პატიმრობის პერიოდი (მისი არსებობის შემთხვევაში) ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, გარდა განრიდებისა და ქმედითი მონანიების შემთხვევებისა.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
