Article 58. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი
1. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე − ბრალდებულის/მსჯავრდებულის თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო-, ვიდეოსაშუალებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებით. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა.
2. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული/მსჯავრდებული მის მიმართ ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის ან/და აუდიო-, ვიდეოჩაწერის განხორციელების შესახებ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ ბრძანებას გააცნობენ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ხელმოწერაზე უარს აცხადებს, კეთდება სათანადო ჩანაწერი.
