1.სპეციალური სამსახური ვალდებულია პირს მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ წერილობით შეატყობინოს მას შემდეგ, რაც ამგვარი შეტყობინება საფრთხეს აღარ შეუქმნის იმ მიზანს, რომლისთვისაც ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება განხორციელდა. ამ ინფორმაციასთან ერთად პირს მიეწოდება ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ, მონაცემები ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თაობაზე და ინფორმაცია მისი განადგურების შესახებ, აგრეთვე მასალა, რომლის საფუძველზედაც ზედამხედველმა მოსამართლემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, და განემარტება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
2.პირისთვის მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ შეტყობინება დაუშვებელია, თუ შეუტყობინებლობა აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების და დემოკრატიული წყობილების ინტერესების დასაცავად ან ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ან მის მოსაპოვებლად გამოყენებული მეთოდების გამჟღავნება საფრთხეს შეუქმნის სპეციალური სამსახურის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას.
3.პირისთვის მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ წერილობით შეტყობინების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით.





