1.სანოტარო რეესტრი ერთიანია მასში ჩართული ყველა ნოტარიუსისათვის. სანოტარო რეესტრი თავისში აერთიანებს ამ ინსტრუქციის 38-ე მუხლით გათვალისწინებულ რეესტრებს.
2.სანოტარო რეესტრში სავალდებულო წესით მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ა) სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის თარიღი და სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი; ბ) სანოტარო მოქმედების მონაწილის შესახებ: ბ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, დოკუმენტში (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა) მითითებული ან გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი, ხოლო საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში, აგრეთვე პირადი ნომერი; ბ.ბ) არასრულწლოვანი ფიზიკური პირის შემთხვევაში, რომელსაც არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი. ბ.გ) იურიდიული პირის შემთხვევაში: სახელწოდება, იურიდიული მისამართი, ხოლო რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, აგრეთვე საიდენტიფიკაციო კოდი; ბ.დ) სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ არის იურიდიული პირი: სახელწოდება, ადგილსამყოფელი. გ) სანოტარო მოქმედების შინაარსი. სანოტარო რეესტრში დეტალურად უნდა ჩაიწეროს იმ აქტის შინაარსი, რომელიც არ რჩება სანოტარო არქივში. იმ აქტის შესახებ, რომელიც ინახება სანოტარო არქივში, შეიტანება ზოგადი ინფორმაცია (სანოტარო აქტის დასახელება); გ 1 ) იმ გარიგების შინაარსი, რომელიც არის საეჭვო „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის თანახმად ან/და გარიგების თანხა აღემატება 30.000 ლარს, აგრეთვე ასეთი გარიგების საგნის დეტალური აღწერა; დ) სანოტარო საზღაურის ზუსტი ოდენობა და მასზე დარიცხული დღგ (დღგ-ით დაბეგვრის შემთხვევაში), აგრეთვე სანოტარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური და სანოტარო მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა (მისი არსებობის შემთხვევაში). თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სანოტარო საზღაურისა და სანოტარო რეესტრში რეგისტრაციის საფასურის გადახდას, სანოტარო რეესტრში არ მიეთითება ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია; ე ) გარიგების ღირებულება .
3.სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სანოტარო მოქმედებების რეგისტრაციისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, დამატებით მიეთითება მამკვიდრებლის ვინაობა, გარდაცვალების თარიღი და სხვა ცნობილი საიდენტიფიკაციო მონაცემები.
4.ანდერძის გამოქვეყნების შესახებ ოქმის რეგისტრაციისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, დამატებით მიეთითება: საანდერძო განკარგულების შინაარსი, ანდერძისმიერი მემკვიდრის (სათადარიგო მემკვიდრის) ვინაობა და იდენტიფიკაციის მონაცემები (მათი არსებობისას), ანდერძით დანიშნული ანდერძის აღმსრულებლის (მისი არსებობისას) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები, იმ პირის (მისი არსებობისას) სახელი და გვარი, იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები, რომელსაც ანდერძით დაევალა ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა, ლეგატარის (მისი არსებობისას) სახელი და გვარი (იურიდიული პირის დასახელება) და იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები, საანდერძო ლეგატის შინაარსი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №212 - სსმ III, №144, 08.11.2010, მუხ.2059 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №222-სსმ III, №158, 03.12.2010, მუხ.2234 საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2016 წლის 30 ივლისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 31.07.2016 წ.

