1.ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ), წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა.
2.ინვენტარიზაცია ტარდება მხოლოდ ისეთი სმფ-ების სახეობების მიმართ, რომელთა დათვლა, აწონვა და აზომვა ფიზიკურად შესაძლებელია.
3.ინვენტარიზაციას ექვემდებარება: ა) ის სმფ- ები, რომელიც მოცემული გადასახადის გადამხდელის მფლობელობაშია და იმყ ოფება მის ტერიტორიაზე; ბ) ის სმფ-ები, რომელიც მოცემული გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულია შესანახად, იჯარით სარგებლობისათვის, გადასამუშავებლად ან სხვა დანიშნულებით; გ) ის სმფ -ები, რომელიც აღრიცხულია შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშებზე, როგორც გზაში მყოფი, გადატვირთული, სხვა გადასახადის გადამხდელთან გადასამუშავებლად ან/და საწყობებში შესანახად გადაცემული სმფ -ები.
4.გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცედურა განისაზღვრება ამ თავის შესაბამისად.
5.ინვენტარიზაცია იწყება გადასახადის გადამხდელისათვის/მისი წარმომადგენლისათვის სმფ-ების ინვენტარიზაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობისთანავე, რომლის შემდგომ, შესაბამისი პროცედურების დაწყებამდე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია დალუქოს ის სათავსები, სადაც ინახება სმფ-ები, ძირითადი საშუალებები ან/და ბუღალტრული დოკუმენტები .
6.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დროის გარკვეული პერიოდისთვის გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული, წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ხორციელდება საგადასახადო/სამართალდამცავი ორგანოს მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, ამ თავით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა სრულდება საინვენტარიზაციო კომისიის მიერ „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ“ ოქმის (დანართი №16) შედგენით და შესაბამის დოკუმენტებთან ერთად საგადასახადო/სამართალდამცავი ორგანოსათვის გაგზავნით.
8.საინვენტარიზაციო კომისიის მიერ „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №19) დადგენილ ვადებში შეუვსებლობის ან არასრულად შევსების შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანოში პირის მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება, ინვენტარიზაციის განმახორციელებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია ამ წესის 30-ე მუხლის მე-9 პუნქტის გაუთვალისწინებლად შეწყვიტოს ინვენტარიზაციის პროცედურა და „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმი (დანართი №19) შესაბამის დოკუმენტებთან ერთად გადაუგზავნოს საგადასახადო ორგანოს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 14 თებერვლის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 18.02.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №377 - ვებგვერდი, 19.10.2023წ.

