1.საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განსახორციელებელ სმფ-ების ინვენტარიზაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა (შემდგომში - ფაქტობრივი აღრიცხვა); ბ) სმფ-ების ნაშთის სააღრიცხვო დოკუმენტების მონაცემების დადგენა; გ) სმფ-ების ფაქტობრივი და სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ურთიერთშედარება და შედეგების გამოყვანა.
2.ფაქტობრივი აღრიცხვისა და სმფ-ების ნაშთის სააღრიცხვო დოკუმენტების შემოწმების დაწყებამდე, საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია: ა) საჭიროების შემთხვევაში, დალუქოს დამხმარე სათავსები, სარდაფები და ფასეულობათა შენახვის ის ადგილები, რომლებსაც ცალკე შესასვლელ-გასასვლელი აქვთ; ბ) შეამოწმოს ზომა-წონის საზომი ყველა ხელსაწყოს ვარგისიანობა; გ) მიიღოს ის დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს ფაქტობრივი აღრიცხვის დაწყების პერიოდისათვის არსებულმდგომარეობას. ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული კომისიის თავმჯდომარის მიერ; დ) სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირისგან მიიღოს ხელწერილი, რომ ფაქტობრივი აღრიცხვის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ამასთან, გადასახადის გადამხდელისგან მიიღოს ხელწერილი, რომ ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელისგან დანართი №19-ის II ცხრილის შესაბამისად მიიღოს ინფორმაცია ინვენტარიზაციის დაწყებამდე ბოლო საანგარიშო პერიოდ(ებ)ში (რომლის მიხედვით დეკლარირების ვადა არ არის დამდგარი/გასული) მიწოდებული სმფ-ების შესახებ; ე) გადაამოწმოს სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საინვენტარიზაციო უწყისებში აღმოჩენილი შეცდომები და მათი დადასტურების შემთხვევაში გაასწოროს ისინი.
3.საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ინვენტარიზაციისას შედგენილი ოქმები დაუყოვნებლივ გადაეცემა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს.
4.იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი არ არის საინვენტარიზაციო კომისიის წევრი, მის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის შედგენილ ოქმებზე ხელმოწერით დასტურდება, მხოლოდ ამ ოქმების მისთვის გადაცემის ფაქტი.
5.საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების (სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და მათი ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა) შესრულების შემდეგ, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია თვითონ მოახდინოს სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის და სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების შედეგების გამოყვანა და შეჯამება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 24 იანვრის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 25.01.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 14 თებერვლის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 18.02.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N54 - ვებგვერდი, 24.02.2015წ.

