1.გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტის შევსებაზე უფლების მინიჭების მიზნით, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო ორგანოს მიმართავს №II-06 1 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადებით იმ შემთხვევაში, თუ „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, ერთსა და იმავე განაცემზე გადასახადის დაკავების უფლება წარმოექმნება როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ისე მეორე სახელმწიფოს (საქართველოს) და უცხო ქვეყანაში გადახდილი თანხა ექვემდებარება ჩათვლას.
2.განცხადება უნდა შეიცავდეს გადასახადის გადამხდელის დადასტურებას, რომ იგი ინფორმირებულია, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობის (უცხო ქვეყანაში დაკავებული და გადახდილი გადასახადის შესახებ) წარდგენის თაობაზე.
3.განცხადებას თან უნდა დაერთოს შესაბამისი უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმ პირის რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის მიერ უცხო ქვეყანაში გადახდილი თანხა ექვემდებარება ჩათვლას და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. ამასთან, რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა არ საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზებას.
4.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი განიხილავს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ განცხადებას და: ა) განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გადასახადის გადამხდელს ანიჭებს უფლებას გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტის შევსებაზე; ბ) განცხადებაში/დოკუმენტაციაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ატყობინებს გადასახადის გადამხდელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს. ასეთ შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება გადასახადის გადამხდელის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან.
5.საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტის შევსებაზე უფლებამოსილ პირთა ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოებას. ამასთან, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ერთიან ელექტრონულ რეესტრში მონაცემებს ასახავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ერთიან ელექტრონულ რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) მონაცემების შეტანის თარიღი; ბ) გადასახადის გადამხდელის დასახელება; გ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; დ) უცხო ქვეყნის დასახელება; ე) განცხადების ნომერი და თარიღი; ვ) უფლების მინიჭების თარიღი; ზ) უფლების გაუქმების თარიღი.
7.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს „ინფორმაცია უცხო ქვეყანაში დაკავებული და გადახდილი გადასახადის შესახებ“ დანართი №II-06 2 ფორმით, რომელსაც თან უნდა დაერთოს უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული უცხო ქვეყანაში დაკავებული და გადახდილი გადასახადის შესახებ ცნობა, დაქირავებული ფიზიკური პირების მიხედვით და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
8.იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით (დანართი №II-06 1 ) საგადასახადო ორგანოს მიმართავს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, აღნიშნული ინფორმაცია წარადგინოს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტის შევსებაზე უფლების მინიჭებიდან 30 დღის ვადაში.
9.ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ №II-06 2 დანართში ინფორმაცია აისახება გრაფების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან: ა) I გრაფაში მიეთითება განაცემის მიმღების საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; ბ) II გრაფაში მიეთითება განაცემის მიმღების სახელი და გვარი; გ) III გრაფაში მიეთითება განაცემის მიღების პერიოდი (თვე, წელი); დ) IV გრაფაში მიეთითება განაცემის ოდენობა (ლარი); ე) V გრაფაში მიეთითება უცხო ქვეყანაში დაკავებული გადასახადის ოდენობა; ვ) VI გრაფაში მიეთითება საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ოდენობა; ზ) VII გრაფაში მიეთითება დოკუმენტის ტიპი: უცხო ქვეყანაში დაკავებული და გადახდილი გადასახადის შესახებ ცნობა; ცნობის ქართული თარგმანი (ნოტარიულად დამოწმებული); თ) VIII გრაფაში იტვირთება VII გრაფის შესაბამისი დოკუმენტაცია: უცხო ქვეყანაში დაკავებული და გადახდილი გადასახადის შესახებ; ცნობის ქართული თარგმანი (ნოტარიულად დამოწმებული).
10.იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილ ვადებში, საგადასახადო ორგანოში არ წარადგენს უცხო ქვეყანაში დაკავებული და გადახდილი გადასახადის შესახებ ცნობას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, მოცემულ გადასახადის გადამხდელს შეუწყვიტოს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტის შევსების უფლება დადგენილი ვადის გასვლის მომდევნო სამუშაო დღიდან, ხოლო შემცირებული გადასახადის თანხა ექვემდებარება აღდგენას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №433 - ვებგვერდი, 31.12.2024წ. დანართი №II-06 1 (თან ერთვის თანდართული ფაილის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №433 - ვებგვერდი, 31.12.2024წ. დანართი №II-062 (თან ერთვის თანდართული ფაილის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №433 - ვებგვერდი, 31.12.2024წ.

