1.დანართი №III-05 და დანართი №III-05 1 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი ეგზემპლარი საქონლის/მომსახურების მყიდველს (მიმღებს) წარედგინება მოთხოვნიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო დანართი №III-06 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი ეგზემპლარი – მიწოდებისთანავე. საფ-ის მეორე ეგზემპლარები რჩება საქონლის/მომსახურების გამყიდველს (მიმწოდებელს).
2.საფ-ის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.
3.დაუშვებელია საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლის მიერ, არასწორად შევსებული (შეცდომით შეტანილი რეკვიზიტებით) საფ-ის მიცემა მყიდველისათვის (მიმღებისათვის). გაუქმების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორად შევსებული საფ-ების (გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა) ყველა ეგზემპლარი წარედგინება საგადასახადო ორგანოს ამ ორგანოდან საფ-ების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.
3¹.გამყიდველი (მიმწოდებელი) უფლებამოსილია მყიდველს (მიმღებს) პროგრამულად წარუდგინოს ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-05 1 და დანართი №III-05 2 ფორმის საფ-ის გაუქმების მოთხოვნა, რომელიც არც ერთი მხარის მიერ არ არის წარდგენილი დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-05 1 და დანართი №III-05 2 ფორმის საფ რომელიმე მხარის მიერ წარდგენილია დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, გაუქმების მოთხოვნა მყიდველს (მიმღებს) წარედგინება, თუ შესაბამისი პირის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე, საფ საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართებიდან ამოღებულია. საფ გაუქმებულად ითვლება მყიდველის (მიმღების) მიერ გაუქმების მოთხოვნის დადასტურებისას.
3².ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-05 1 ფორმის და დანართი №III-05 2 საფ, რომელიც გამოწერილია უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრისთვის ან ბორტზე მისაწოდებელ საქონელზე, ექვემდებარება გაუქმებას საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გამყიდველის (მიმწოდებლის) მიმართვის შემთხვევაში.
4.თუ საგადასახადო ორგანომ დღგ-ის გადამხდელისაგან მოითხოვა იმ საფ-ების წარდგენა, რომლებიც მისგან ამოღებულია საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამოღებული საფ-ების ქსეროასლები და ამ ორგანოების სათანადო პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა შესაბამისი საფ-ების ამოღების შესახებ, ხოლო ამოღებული საფ-ების დაბრუნების შემდეგ – მათი დედნები.
5.შეუვსებელი ან შევსებული (რომელიც არ გაცემულა მყიდველზე) საფ-ის დაკარგვის შემთხვევაში, გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ საფ-ის გაუქმების მიზნით. ამასთან, შევსებული (რომელიც არ გაცემულა მყიდველზე) საფ-ის დაკარგვის შემთხვევაში, იგივე დასაბეგრ ოპერაციაზე იმავე თარიღით გამოიწერება ახალი საფ-ი, რომელზედაც შენიშვნის სახით აღინიშნება დაკარგული საფ-ის სერია და ნომერი.
6.იმ შემთხვევაში, როდესაც საფ-ის გამოწერის და მყიდველისათვის გადაცემის შემდეგ, გამყიდველი დაკარგავს საფ-ის თავის ეგზემპლარს, მას უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დაკარგული საფ-ის მყიდველთან არსებული პირველი ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ხოლო თუ მყიდველმა დაკარგა საფ-ის თავისი (პირველი) ეგზემპლარი, მას შეუძლია წარადგინოს გამყიდველთან არსებული მე-2 ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №421 – ვებგვერდი, 02.08.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №444 – ვებგვერდი, 23.08.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №272 – ვებგვერდი, 16.08.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 6 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 07.02.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №341 - ვებგვერდი, 16.10.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №207 - ვებგვერდი, 05.08.2025წ.

