1.ორეტაპიანი ტენდერის (ღია ან დახურული) ჩატარების დროს შემსყიდველი ორგანიზაცია ხელმძღვანელობს იმავე ძირითადი პრინციპებითა და მიდგომებით, რომლებიც დამახასიათებელია ერთეტაპიანი ტენდერისათვის და განსაზღვრულია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისი მუხლებით.
2.ორეტაპიანი ტენდერის პროცედურები, როგორც წესი, გამოიყენება ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის დროს, როდესაც მომსახურების ხარისხსა და შემსრულებელი პირის კვალიფიკაციას ენიჭება უფრო დიდი მნიშვნელობა, ვიდრე ამ მომსახურების ღირებულებას, აგრეთვე გრძელვადიანი ხელშეკრულებების დადებისათვის, ან სამშენებლო სამუშაოების და ტექნოლოგიურად რთული ობიექტების შესყიდვისათვის.
3.ორ ეტაპად ტენდერის ჩატარების შემთხვევაში იურიდიული და ფიზიკური პირები საკვალიფიკაციო მონაცემებთან ერთად სატენდერო კომისიას წარუდგენენ პირველად სატენდერო წინადადებებს და ზოგად მონაცემებს, ხოლო მეორე ეტაპზე სატენდერო კომისია იწვევს მხოლოდ იმ პრეტენდენტებს, რომლებიც თავისი საკვალიფიკაციო მონაცემებითა და შემოთავაზებული წინადადებებით შეესაბამებიან პირველი ეტაპისათვის დადგენილ პირობებს.
4.ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების დროს განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ წინამდებარე დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულის გარდა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მითითებას იმის შესახებ, რომ საკვალიფიკაციო მონაცემებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს პირველადი სატენდერო წინადადება ღირებულების გარეშე; ბ) ინსტრუქციას პირველადი სატენდერო წინადადებების შედგენის თაობაზე, მათი წარდგენის წესს (წარდგენის ვადის ჩათვლით) და შეფასებების მხედველობაში მისაღებ მოთხოვნებს; გ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის შემსყიდველი ორგანიზაცია.
5.ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე სატენდერო კომისიას უფლება აქვს გამართოს მოლაპარაკება ამ პროცედურაში მონაწილე ყველა პირთან (ცალ-ცალკე) პირველადი სატენდერო წინადადებების ნებისმიერი პირობის დაზუსტების და სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების დროს როგორც პირველადი, ისე საბოლოო სატენდერო წინადადება სატენდერო კომისიას წარედგინება დახურული კონვერტებით. კონვერტების გახსნის პროცედურა ტარდება ამ დებულების მე-15 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესის თანახმად.
6.ტენდერის პირველი ეტაპის დასრულების ვადას სატენდერო კომისია განსაზღვრავს პირველადი სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ. ამავე დროს, ორეტაპიანი ტენდერზე არ ვრცელდება საკვალიფიკაციო შერჩევის პროცედურებისათვის დადგენილი ვადა.
7.ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების დროს ჯერ განიხილება წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, განისაზღვრება პრეტენდენტები, ხოლო შემდეგ ხდება შერჩეული პრეტენდენტების პირველადი სატენდერო წინადადებების განხილვა.
8.პირველადი სატენდერო წინადადებების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება მხოლოდ მათი შესაბამისობა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან და არ გამოიყენება მათი ქულებით შეფასების წესი.
9.ტენდერის პირველი ეტაპის შედეგები უნდა ეცნობოს პირველადი სატენდერო წინადადებების წარმომდგენ ყველა პირს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადისა.
10.ტენდერის პირველი ეტაპის შემდეგ შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს შეიცვალოს თავისი მოთხოვნები შესყიდვის ობიექტის ნებისმიერი ტექნიკური და ხარისხობრივი პარამეტრის მიმართ და აგრეთვე სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები.
11.ორეტაპიანი ტენდერის მეორე ეტაპი ტარდება იმავე წესით, როგორც ერთეტაპიანი ტენდერი (მოსაკრებლის გადახდის, განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების დადების, სატენდერო დოკუმენტაციის გადაცემის, სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების, სატენდერო წინადადებების შეფასების და სხვა წესების ჩათვლით).
