1.რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა განცხადება-ანკეტაში უნდა მიუთითოს, ვისი საკუთრებაა ის საცხოვრისი, სადაც რეგისტრირდება და წარმოადგინოს: ა) ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ., ელექტრონული ფორმით. ფოტოსურათის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ: ა.ა) პირის პირველადი რეგისტრაციისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირის რეგისტრაცია ხდება დაბადების რეგისტრაციისას; ა.ბ) თუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის საკითხებთან დაკავშირებით წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება პირის ფოტოსურათი ან ფოტოსურათის წარდგენიდან გასულია 3 წელი; ბ.ა) სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, მესაკუთრის, შესაბამისად – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ან მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის თანხმობა; ბ.ბ) იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, ამ იურიდიული პირის შესაბამისი ხელმძღვანელი ორგანოს/უფლებამოსილი პირის მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით ან ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრაციისას ასევე სავალდებულოა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობა; ბ.გ) ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან ნოტარიულად დამოწმებული საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი და დასაბუთებული დასტური იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე. საცხოვრისის მესაკუთრის რეგისტრაციის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საკუთრების ფაქტი გადამოწმდეს საჯარო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (საკუთრების ფაქტის გადამოწმების შესაძლებლობისას). აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ პირის რეგისტრაციის შემთხვევებზე; გ) საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოში მცხოვრები უცხოელის შემთხვევაში – უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი პირველად გადის რეგისტრაციას ან თუ წინა რეგისტრაციისას დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის; დ) ბინადრობის ნებართვა, თუ პირი საქართველოში მცხოვრები უცხოელია. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი პირველად გადის რეგისტრაციას, ასევე როცა პირმა, რომელმაც მუდმივი ბინადრობის ნებართვა მიიღო სპეციალური პირობების საფუძველზე, მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის; ე) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, ასევე ამ პირის ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაქორწინებულ პირთა ვინაობას და ქორწინების ფაქტს (ქორწინების თარიღის და ქორწინების განმახორციელებელი ორგანოს სახელწოდების მითითებით); ზ) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ასევე შესაბამისი ცნობა/დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ ნების გამოხატვის ან გადაადგილების შეუძლებლობა, ხოლო ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირის ყოფნის ფაქტი უნდა დადასტურდეს დოკუმენტურად; ზ 1 ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პენიტენციურ დაწესებულებაში პირის ყოფნის ფაქტი; თ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის რეგისტრაციის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მისამართზე რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ. მიმართვაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია ბავშვის სტატუსის და მისი პერსონალური მონაცემების შესახებ.
2.თუ პირს არ გააჩნია პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ან ვერ უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, მათ ნაცვლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ა) დაბადების მოწმობა, ხოლო თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – დაბადების მოწმობა ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას; ბ) ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა არ არის სავალდებულო ხელახალი რეგისტრაციისას, თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს დაინტერესებული პირის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციას.
4.იძულებით გადაადგილებული პირის რეგისტრაციის მიზნით დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა/ცნობა საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე. დასკვნის/ცნობის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ იძულებით გადაადგილებული პირის რეგისტრაცია ხდება ამ წესის მე-7 მუხლის მე-6– მე-8 პუნქტების შესაბამისად.
5.მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული პირი ითხოვს მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას, მან სააგენტოს ნათლად უნდა მიუთითოს მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მიზეზების შესახებ და წარმოადგინოს სათანადო დასაბუთება ან/და მტკიცებულებები. განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძვლების/მიზეზების გადასამოწმებლად სააგენტო უფლებამოსილია დაათვალიეროს საცხოვრებლად მითითებული ადგილი ანდა სხვა წყაროებიდან მოიპოვოს ინფორმაცია.
6.თუ პირმა ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ ნაცვლად გამოიყენება პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემები ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით შევსებული განცხადება. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თვითონ მოიპოვოს აღნიშნული მონაცემები ან დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტების წარმოუდგენლობის/მოუძიებლობის შემთხვევაში, მათ ნაცვლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილებაში ან ბინადრობის ნებართვაში მითითებული მონაცემები, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ სააგენტოს დასკვნაში მითითებული მონაცემები.
7.რეგისტრაციის მიზნებისათვის წარსადგენი საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობის და პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი დადასტურებისა და მათი გაფრთხილების ფორმებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №295 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანება №823 - ვებგევრდი, 02.05.2022 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

