1.სგს-დ დასარეგისტრირებელად, პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №1).
2.განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრატორის მიერ გაცემულ აქციათა ამონაწერი; ბ) ორგანიზაციის წესდება; გ) სადამფუძნებლო სტრუქტურა; დ) პარტნიორთა/აქციონერთა, გადაწყვეტილება სგს-დ რეგისტრაციის თაობაზე; ე) ინფორმაცია უახლესი დახურული პერიოდისთვის არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებული (სათავოსა და ფილიალების ნაერთი) ანგარიშგება-ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი MSExcel-ის ფორმატში (დანართი №4), ინფორმაცია რეგისტრაციაზე განაცხადის შემოტანის მომენტისთვის გაცემული სესხებისა და მოზიდული სახსრების შესახებ MSExcel-ის ფორმატში (დანართი №5); ვ) ინფორმაცია სგს-ს სათავო დაწესებულების, ფილიალებისა და სასაწყობე ფართის ადგილსამყოფელის შესახებ (დანართი N3). სასაწყობე ფართად მოიაზრება ფართი, სადაც ინახება სგს-ის მიერ გაცემულ სესხებზე უზრუნველყოფის სახით მიღებული მოძრავი ქონება; ზ) ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დაინტერესებულ პირს მოზიდული აქვს ფულადი სახსრები მხოლოდ კომპანიის უშუალო მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან, ბენეფიციარი მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან ან/და ფინანსური ინსტიტუტებიდან“ (დანართი №5); თ) დოკუმენტაცია (მათ შორის, აზომვითი ნახაზი), რომელიც ადასტურებს იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც საქმიანობას ახორციელებს ან მომავალში განახორციელებს სგს (იგივე ეხება სგს-ს ფილიალს ან/და სასაწყობე ფართს); ი) სათავო ოფისის, ფილიალის ან/და სასაწყობე ფართის გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის/აქტების ასლი; კ) ფართის ინტერიერისა და ექსტერიერის ამსახველი ფოტომასალა, ასევე, შიდა პერიმეტრზე (საოპერაციო ფართი და სალარო) ვიდეომეთვალყურეობის კამერების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კამერების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამონტაჟების დოკუმენტი ან/და ფოტომასალა); ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურთან დაცვის საგანგაშო ღილაკისა და სიგნალიზაციის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, საგანგაშო ღილაკის დამონტაჟების შეუძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან; ასეთ შემთხვევაში, სგს-ს უფლებამოსილია, საგანგაშო ღილაკის მომსახურებაზე ხელშეკრულება გააფორმოს კერძო კომპანიასთან. მ) „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ნ) იურიდიული პირის, მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა, ბენეფიციარ მესაკუთრეთა და ადმინისტრატორთა შესახებ შემდეგი დოკუმენტები: ნ.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა ან პასპორტი); ნ.ბ) ცნობა ნასამართლობის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს; ო) „სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული სერვისის ინტეგრაციის დასტური.
2¹.დაინტერესებული იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს მხოლოდ ერთი აქციონერი/პარტნიორი, რომელიც იმავდროულად ამ იურიდიული პირის დირექტორია, ვალდებულია ჰყავდეს სულ მცირე 2 დირექტორი.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული, ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნას დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.
4.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეგისტრაციის მიზნებისათვის დამატებით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
5.სგს-ს/მისი ფილიალის საოპერაციო ფართი (სხვა ობიექტებისაგან იზოლირებული ფართი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, სადაც სგს-ის/ფილიალის წარმომადგენლის მიერ ხორციელდება ამ წესით ნებადართული ოპერაციები და ინახება ამ ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა იყოს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) კვადრატული მეტრისა; ბ) უნდა იყოს იზოლირებული სხვა ობიექტებისგან; გ) უნდა ჰქონდეს სხვა ობიექტებისგან დამოუკიდებელი შესასვლელი კარი, იმგვარად, რომ არ იყოს შესაძლებელი სგს-ს საოპერაციო ფართში მოხვედრა სხვა ობიექტის გავლით (გამონაკლისს წარმოადგენს სავაჭრო ცენტრები, რკინიგზის და ავტოსადგურები); დ) უნდა ჰქონდეს საოპერაციო ფართში იზოლირებული სალაროს კვანძი, რომელიც აღჭურვილი იქნება შიდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემითა და საგანგაშო ღილაკით; ე) ძვირფასეულობა (ძვირადღირებული მცირე ზომის ნივთები) უნდა ინახებოდეს სპეციალურ ცეცხლგამძლე სეიფში, რომელიც მოთავსებული იქნება ისეთ დაცულ/იზოლირებულ ადგილას (მათ შორის, სალაროს კვანძში), რომელიც ექცევა ვიდეომეთვალყურეობის არეალში. სხვა შემთხვევაში ძვირფასეულობა შენახული უნდა იქნეს კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში; ვ) ძვირფასეულობის გარდა სხვა მოძრავი ნივთების შესანახად უნდა გააჩნდეს საოპერაციო ფართისგან დამოუკიდებელი სასაწყობე ფართი, მოწყობილი იმდაგვარად, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების აღრიცხვა/ინვენტარიზაცია.
6.სგს-ის/ფილიალის საოპერაციო და სასაწყობე ფართი აღჭურვილი უნდა იყოს სიგნალიზაციის სისტემით.
7.სგს/ფილიალი აღჭურვილი უნდა იყოს საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარით, კომპიუტერული ტექნიკით, საბეჭდი და ასლგადამღები საშუალებებით, საოპერაციო და სპეციალური ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფით, ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში – ყალბი ფულის ამომცნობით.
8.(ამოღებულია - 28.01.21, №9/04) 9. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები სალაროს კვანძის მოწყობასთან დაკავშირებით არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სესხების გაცემა/დაფარვა/ამოღების ოპერაციებს აწარმოებენ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით და არ აწარმოებენ ვალუტის გადაცვლის ოპერაციებს.
10.ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები სასაწყობე ფართის მოწყობასთან დაკავშირებით ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სესხებს გასცემენ მოძრავი ქონების უზრუნველყოფით და აკისრიათ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული მატერიალური ფასეულობის შენახვა/დაცვის ვალდებულება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №270/04 - ვებგვერდი, 17.12.2018წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 იანვრის ბრძანება №9/04 - ვებგვერდი, 29.01.2021წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 იანვრის ბრძანება №15/04 - ვებგვერდი, 26.01.2023 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №378/04 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

