1.ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ 1 “ ან „დ 4 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების წარმოშობის შესახებ ინფორმაციის ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან მიღების შემთხვევაში ლიცენზიას ან/და იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას ავტომატურად შეუჩერდება იურიდიული ძალა. ამასთანავე, ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინებების ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში უნარჩუნდება იარაღის ამ მუხლით განსაზღვრული წესით განკარგვის უფლება.
2.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე.
3.ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე გამოცხადებით, რა დროსაც მოხდება იარაღის ჩამორთმევა.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს განუსაზღვრავს 30 დღის ვადას ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების საფუძვლის აღმოსაფხვრელად ან/და იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაკარგავად.
5.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი დაუშვას საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე იარაღის ჩამორთმევის მიზნით. ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი უფლებამოსილია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოიყენოს იძულების ღონისძიებები. ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის არდაშვება შესაბამისი ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების საფუძველია.
6.თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან 30 დღის ვადაში არ უზრუნველყოფს ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ 1 “ ქვეპუნქტით ან/და „დ 4 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას ან/და იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვას, ლიცენზია (ნებართვა) უქმდება, ხოლო ჩამორთმეული იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა. ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების საფუძვლის აღნიშნულ ვადაში აღმოფხვრის შემთხვევაში მას აღუდგება შესაბამისი ლიცენზია (ნებართვა) და დაუბრუნდება ჩამორთმეული იარაღი.
7.ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელისთვის ამ მუხლით განსაზღვრული წესით ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევის ან/და იარაღის დაბრუნების წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

