1.პირი ვალდებულია მის სახელზე შენახვისა და ტარების უფლებით 2023 წლის 1 აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალისტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით 2024 წლის 1 თებერვლამდე წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. ეს ვალდებულება არ ვრცელდება იმ სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე, რომლის ტარების უფლებაც აქვთ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.
2.თუ იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დადგინდა, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით წარდგენილი იარაღი მოკლე იარაღია, იგი ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას ამ კანონის შესაბამისად.
3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის, მის გაფრთხილებას აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შესრულების შესახებ.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევა.
5.ამ მუხლის შესაბამისად იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდევინების წესი დგინდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო იარაღის ხელახალი რეგისტრაციისთვის განსაზღვრული სანებართვო მოსაკრებლისა და საფასურის გადახდევინების წესი − „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონებით.
6.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი თავისუფლდება ამ კანონის 27 1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან.
7.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული იარაღი რეგისტრაციაში გაატაროს 2024 წლის 1 თებერვლამდე.
8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს იურიდიული პირისთვის/ინდივიდუალური მეწარმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.
9.საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი ვალდებულების შესრულების ამ მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით დადგენილი ვადისგან განსხვავებული ვადა. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1143 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

