1.საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით: ა) პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა, და ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას – მესამე მთვლელს და ა. შ., ხოლო სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენებს აწყობენ ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად; ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე – ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.
2.დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ერთი მეთვალყურე დგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე მეთვალყურე – იმავე ქვეპუნქტში აღნიშნულ მესამე მთვლელთან. მათ უფლება აქვთ, დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ კი – სასამართლოში. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, მიუთითონ მთვლელს, ცალკე გადადოს ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.
3.დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ: ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით; ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა; გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი; დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა; ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე; ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.
4.ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენში ნებისმიერი ფორმით შესწორების, ცვლილების ან დამატების შეტანა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია“; ეს ბიულეტენები იკვრება პაკეტად, რომელსაც ხელს აწერენ მთვლელები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, და მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში; სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება და მათი რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ ჩანაწერთა წიგნში.
7.საარჩევნო ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს შესაბამისი ზომის კონვერტში. შეკვრას უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე და რაოდენობა.
8.ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა და საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ამავე მუხლის მე-9 პუნქტში აღწერილი წესით. თითოეული საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დასტა ცალკე უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.
9.ყოველი 10 საარჩევნო ბიულეტენი იკვრება ლითონის შემკერით და ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს, ზემოდან ეწერება შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. ეს შეკვრები, თავის მხრივ, იკვრება ცალკე დასტად. საარჩევნო ბიულეტენების შეკვრების დასტას უნდა ეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო სუბიექტის (საარჩევნო სუბიექტების) შესახებ მონაცემები (დასახელება; სახელი და გვარი) და მის (მათ) მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, აგრეთვე ამ დასტაში ჩადებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.





