ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა : ა) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები – სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული შესაბამისი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები ; ბ) მზღვეველი – სადაზღვევო კომპანია / ორგანიზაცია , რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეწევა სადაზღვევო საქმიანობას და მონაწილეობს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში ; გ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ( შემდგომში – მიმწოდებელი ) – იურიდიული ან ფიზიკური პირი , რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას და სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ მოსახლეობას უწევს მომსახურებას ; დ) აფთიაქი – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე , რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ფარმაცევტულ საქმიანობას და სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით განსაზღვრულ მედიკამენტებს აწვდის დაზღვეულ მოსახლეობას , მიმწოდებლის მიერ გაცემული და მზღვეველის მიერ ავტორიზებული რეცეპტის ( საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად ) საფუძველზე ; ე) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის მოსარგებლე / დაზღვეული ( შემდგომში – დაზღვეული ) – ფიზიკური პირი , რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში და რომლის სახელზეც მზღვეველის მიერ არის გაცემული სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი ვადიანი სადაზღვევო პოლისი / ხელშეკრულება ; ვ) სადაზღვევო პოლისი / ხელშეკრულება – მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი / მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ , რომელსაც ფლობს დაზღვეული და რომელიც უფლებამოსილს ხდის მას , მიიღოს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები ; ზ) ამბულატორიული მედიკამენტები ( შემდგომში – მედიკამენტები ) – სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების მიზნებისათვის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტით განსაზღვრული მედიკამენტები ; თ) ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება – სამედიცინო მომსახურება ( ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის , ექთნის მომსახურება და ექიმ - სპეციალისტების კონსულტაციები , სამედიცინო მანიპულაციები და ლაბორატორიულ - ინსტრუმენტული გამოკვლევები ) , რომელიც არ საჭიროებს სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას ; ი) გადაუდებელი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება – სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა , რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია დაზღვეულის დაუყოვნებელი სიკვდილი , უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და როდესაც არ დგება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებლობა ; კ) გეგმური ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება – ყველა ტიპის ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება , გარდა გადაუდებელი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებისა ; ლ) სტაციონარული სამედიცინო მომსახურება – სამედიცინო მომსახურება ( ოპერაციული თუ კონსერვატიული მკურნალობა , სამედიცინო დანიშნულების საგნების , ფარმაცევტული და სისხლის პროდუქტების ჩათვლით , სამედიცინო მანიპულაციები , ქარხნული წარმოების ენტერალური კვება , სამკურნალო - დიაგნოსტიკური პროცედურები , ლაბორატორიულ - ინსტრუმენტული გამოკვლევები ) , რომელიც საჭიროებს დაზღვეულის სტაციონარში 24 ( ოცდაოთხი ) საათზე მეტი დროით მოთავსებას და რომელიც არ წარმოადგენს დღის სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას ; მ) დღის სტაციონარული სამედიცინო მომსახურება – დაზღვეულისათვის გაწეული სტაციონარული სამედიცინო მომსახურება , რომლის დროსაც დაზღვეული იკავებს საწოლს და რომლის ხანგრძლივობაც ერთჯერადად არ აღემატება 24 ( ოცდაოთხი ) საათს ; ნ) გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება – სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა , რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია დაზღვეულის დაუყოვნებელი სიკვდილი , უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მომსახურებას; ო) გეგმური სტაციონარული სამედიცინო მომსახურება – ყველა ტიპის სტაციონარული სამედიცინო მომსახურება , გარდა გადაუდებელი და დღის სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისა ; პ) კატასტროფის მომსახურება – კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობის დროს დაზღვეულის სამედიცინო ტრანსპორტირება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ერთი მიმწოდებლიდან მეორეში მკურნალობის გასაგრძელებლად ან სამკურნალო და / ან დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად; ჟ) სასწრაფო სამედიცინო დახმარება – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა ადგილზე და, საჭიროების შემთხვევაში, – სამედიცინო ჩვენებით პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში ; რ) სადაზღვევო შემთხვევა – მოვლენა , რომლის დადგომისას სადაზღვევო პოლისი / ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას ; ს) საანგარიშგებო დოკუმენტაცია – სამედიცინო დაწესებულების მიერ დაზღვეულთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამადასტურებელი , ამავე დოკუმენტით განსაზღვრული , წერილობითი ან / და ელექტრონული დოკუმენტები ; ტ) საანგარიშგებო პერიოდი – დროის ის მონაკვეთი , რომელიც იწყება სადაზღვევო შემთხვევის დასრულებისთანავე და რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია, მზღვეველს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია დასრულებული შემთხვევის შესახებ ; უ) ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი – დოკუმენტი ( წერილობითი ან ელექტრონული ) , რომელიც დგება მიმწოდებელსა და მზღვეველს შორის და ასახავს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებას მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების მართებულობაზე და მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობასა და ანაზღაურების ვადაზე ; ფ) დოკუმენტაციის ინსპექტირება – მიმწოდებლის მხრიდან მზღვეველისათვის წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ან / და მზღვეველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მოთხოვნილი სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შესწავლა მზღვეველის მიერ ; ქ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – დაზღვეულის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი დოკუმენტი ( პირადობის მოწმობა , პასპორტი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები ; ბავშვის შემთხვევაში ასევე დასაშვებია ცნობა დაბადების შესახებ ან დაბადების მოწმობა , თანდართული ერთი ან ორივე მშობლის ან მეურვის პირადი ნომრით ) , რომელიც საშუალებას იძლევა, დადგინდეს დაზღვეულის პიროვნება , ასაკი და პირადი ნომერი ; ღ) სადაზღვევო შემთხვევის ინსპექტირება – სადაზღვევო შემთხვევის დროს მიმდინარე სამედიცინო მომსახურების პროცესის შესწავლა მზღვეველის მიერ ; ყ) საგარანტიო წერილი – დაზღვეულის მიმართვის საფუძველზე და სათანადო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით , მზღვეველის მიერ გაცემული ვადიანი წერილობითი ან ელექტრონული დოკუმენტი , რომელიც განსაზღვრავს სამედიცინო მომსახურების მოცულობას , დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ , წარედგინება მიმწოდებელს და ადასტურებს მზღვეველის მიერ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ვალდებულებას ; შ) რეცეპტი – მიმწოდებლის მიერ დაზღვეულის სახელზე გაცემული დოკუმენტი , რომელიც წარმოადგენს მედიკამენტის სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში დადგენილი წესით მიღების საფუძველს და რომლის ფორმები დამტკიცებულია საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით ; ჩ) სამედიცინო შეცდომა – სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნებლიე ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან სიკვდილი, რომლის პრევენციაც შესაძლებელი იყო ; ც) სამედიცინო გადაცდომა – სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ქმედებით , უმოქმედობით ან გულგრილობით გამოწვეული პროფესიული შეცდომა , რომელმაც გამოიწვია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან სიკვდილი და რომლის პრევენციაც შესაძლებელი იყო ; ძ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა – საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა , გარდა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებისა ; წ) სამედიცინო აუცილებლობა – არგუმენტებით დასაბუთებული სამედიცინო მომსახურება , რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის ისეთი მდგომარეობების პრევენციას , დიაგნოსტირებას , გაუარესების პრევენციას , შემსუბუქებას , გაუმჯობესებას ან განკურნებას , რომლებიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს , იწვევს ტკივილს , ფიზიკურ დეფორმაციასა და შესაძლებლობების შეზღუდვას ; ამასთანავე , ხორციელდება იმ პირობებში , როცა ეს კონკრეტული მომსახურება არსებული ალტერნატივებიდან ერთდროულად არის ყველაზე ხელმისაწვდომი , ხარისხიანი , რაციონალური და ხარჯთეფექტური ; ჭ) მკურნალობის პროტოკოლი – დოკუმენტი , რომელიც ასახავს წინასწარ განსაზღვრულ პრევენციულ , სამკურნალო‑დიაგნოსტიკურ და სარეაბილიტაციო ღონისძიებათა ერთობლიობას , გამოიყენება ამა თუ იმ დაავადების ან / და მდგომარეობის სამედიცინო მართვისათვის და დადასტურებულად ეფუძნება ქვეყანაში მოქმედ ან აღიარებულ საერთაშორისო , მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გაიდლაინებს ან სამედიცინო / სამეცნიერო ლიტერატურას ; ხ) ტარიფი – მიმწოდებლის მიერ სტანდარტის საფუძველზე განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ერთეულის ფიქსირებული ფასი ; ჯ) სტანდარტი – მიმწოდებლის მიერ დამტკიცებული ამა თუ იმ მომსახურების ფასწარმოების დოკუმენტი , რომელიც შესაძლოა დადასტურებულად ეფუძნებოდეს მკურნალობის შესაბამის პროტოკოლს და რომელიც ასახავს ამ მომსახურების შემადგენელ კომპონენტებს ( ა . პირდაპირი ხარჯები – სამკურნალო საშუალებები , დიაგნოსტიკური ღონისძიებები , სამედიცინო მანიპულაციები და კონსულტაციები , ჩატარებული ოპერაციები და გაუტკივარება , მკურნალობაში მონაწილე პერსონალის ხელფასები , სამედიცინო კვება ; ბ . არაპირდაპირი ხარჯები – სხვა პერსონალის და ადმინისტრაციის ხელფასი , კომუნალური ხარჯები , ცვეთა / ამორტიზაცია , სამეურნეო ხარჯები , სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები ; გ . მოგება ) და მათ განფასებას ; ჰ) კაპიტაციური ტარიფი – მიმწოდებელთან რეგისტრირებული / მიმაგრებული თითოეული დაზღვეულისათვის დროის გარკვეულ მონაკვეთზე განსაზღვრული ფიქსირებული ფასი , რომელიც შეთანხმებულია მიმწოდებელს ან ფარმაცევტულ კომპანიასა და მზღვეველს შორის . ანგარიშსწორების ამ წესისთვის წინასწარ განისაზღვრება მომსახურების ტიპები და მოცულობა და შემდგომში ანაზღაურება არ ითვალისწინებს ფაქტობრივად გაწეულ სამედიცინო მომსახურებას ; ჰ 1 ) გლობალური ბიუჯეტი – დაზღვეულთა კონტინგენტისათვის დროის გარკვეულ მონაკვეთზე განსაზღვრული ფიქსირებული ფასი , რომელიც შეთანხმებულია მიმწოდებელს ან ფარმაცევტულ კომპანიასა და მზღვეველს შორის . ანგარიშსწორების ამ წესისთვის წინასწარ განისაზღვრება მომსახურების ტიპები და მოცულობა და შემდგომში ანაზღაურება არ ითვალისწინებს ფაქტობრივად გაწეულ სამედიცინო მომსახურებას ; ჰ 2 ) (ამოღებულია - 25.03.2015, №127); ჰ 3 ) გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა – დაზღვეულს მგზავრობის ( ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ) გამო არ ექმნება ბარიერი სამედიცინო მომსახურების მიღებისათვის , ამასთანავე გათვალისწინებული უნდა იყოს სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნილებისა და სამედიცინო რესურსების შესაბამისობის პირობები . თვითმმართველ ქალაქებში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისათვის მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს ამბულატორიული სერვისების მიწოდება მოსარგებლეთა რაოდენობის გათვალისწინებით, შემდეგი პრინციპების დაცვით : 2000 მოზრდილზე – არანაკლებ ერთი ოჯახის ან უბნის ექიმისა და ექთნისა , ხოლო 700 ბავშვზე – არანაკლებ ერთი ოჯახის ექიმის ან უბნის პედიატრისა და ექთნისა . საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 1 7 აგვისტოს დადგენილება № 33 4 - ვებგვერდი, 17.08.2012წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მარტის დადგენილება №127 - ვებგვერდი, 26.03.2015წ. თავი II. სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე სუბიექტები
მუხლი 2 (დანართი 1). ტერმინთა განმარტებები
რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 მარ. 2015
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

