1.პროგრამით მოსარგებლე პირების იდენტიფიცირების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მიიღოს საჭირო ზომები საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებში არსებულ ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირთა შესახებ ინფორმაციაზე სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – სააგენტო/განმახორციელებელი) შეუფერხებელი წვდომისათვის. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს დაზღვევით მოსარგებლე პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, დაზღვევის დასაწყისს, დაზღვევის დასასრულს, დაზღვევის ვადამდე შეწყვეტის თარიღს, დამზღვევს (საბიუჯეტო − დამზღვევი, რომელიც ახორციელებს დაზღვევას საბიუჯეტო სახსრებით; არასაბიუჯეტო), სადაზღვევო კომპანიას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისთვის საჭირო სხვა აუცილებელ მონაცემს.
2.პროგრამით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირთათვის პროგრამით დადგენილი პირობების დამატებით ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების გაწევისა და ორმაგი დაზღვევის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი ოდენობის გაანგარიშების მიზნით, საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებს მიეცეთ წვდომა პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიისა და სადაზღვევო კომპანიის (სადაც დაზღვეულია მოსარგებლე) შესახებ ინფორმაციაზე. სსიპ − ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში − ITA) მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, უზრუნველყოფილ იქნეს სადაზღვევო კომპანიების წვდომა აღნიშნულ ინფორმაციაზე.
3.სამედიცინო დაწესებულებების მიერ გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების ეფექტიანად მართვის მიზნით, ITA-ის მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულებების წვდომა მოსარგებლე პირების კატეგორიის, აგრეთვე კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში − სადაზღვევო კომპანიის შესახებ ინფორმაციაზე.
4.ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის 2019 წელს დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში გამოცხადდეს მორატორიუმი პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციებზე.
5.ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მორატორიუმი გავრცელდეს 2020 წელს დადებულ ხელშეკრულებებზე, 2020 წლის 1 დეკემბრამდე. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 10.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 03.11.2017წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №146 – ვებგვერდი, 09.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის დადგენილება №399 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.

