ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება; ბ) ავტომაგისტრალი − სპეციალურად აშენებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა, რომელიც არ ემსახურება მიმდებარე ტერიტორიებს და: ბ.ა) რომელსაც, გარდა დროებით დაწესებული ან ცალკეული ადგილებისა, მოძრაობის ორივე მიმართულებისთვის აქვს ცალკე, ერთმანეთისაგან გამყოფი ზოლით (რომელიც არ არის განკუთვნილი მოძრაობისათვის) ან განსაკუთრებულ შემთხვევებში − სხვა საშუალებებით გამიჯნული სავალი ნაწილები; ბ.ბ) რომელიც ერთ დონეზე არ კვეთს გზას, რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგს, ქვეითთა ბილიკს; ბ.გ) რომელიც აღნიშნულია საგზაო ნიშნით „ავტომაგისტრალი“; გ) ავტომატარებელი − სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია; დ) ავტომზიდი – სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდად; ე) ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი აგრეთვე მოიცავს ტროლეიბუსს, ე. ი. ელექტროსადენთან მიერთებულ ულიანდაგო სატრანსპორტო საშუალებას. ეს ტერმინი არ მოიცავს ისეთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, როგორიცაა, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან ადამიანებისა და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) (შემდგომ – გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება) – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა; ზ) არასაკმარისი ხილვადობა – გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება; თ) ბუქსირება − სატრანსპორტო საშუალების სხვა სატრანსპორტო საშუალების დახმარებით გადაადგილება; ი) გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის ან გაჩერებისათვის და ქვეითის მოძრაობისათვის; კ) გასწრება − დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება; ლ) გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის; მ) გზა – მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი; ნ) გზაჯვარედინი − ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. გზაჯვარედინად არ ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა; ო) გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა) – საგზაო მოძრაობის მონაწილის ვალდებულება, არ განაგრძოს ან არ განაახლოს მოძრაობა ან არ განახორციელოს მანევრი, თუ ეს უპირატესობის (პრიორიტეტის) მქონე მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის, უეცრად შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე; პ) გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის; ჟ) დასახლებული პუნქტი − განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი სპეციალურად არის აღნიშნული შესაბამისი საგზაო ნიშნებით; რ) დატვირთული მასა (ფაქტობრივი მასა) − მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრის ჩათვლით; ს) დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) − სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით; ტ) დგომა – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს დაკავშირებული არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომასთან ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვასთან; უ) დღე-ღამის ბნელი დრო – დროის შუალედი დაბინდებიდან გათენებამდე; ფ) ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს ინვალიდის ეტლს; ქ) ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) − ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი და შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან; ღ) ველოსიპედის მოძრაობის ზოლი − გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც განკუთვნილია ველოსიპედით მოძრაობისათვის. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გრძივი საგზაო მონიშვნითაა გამოყოფილი; ყ) იძულებით გაჩერება – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საშიშროების გამო; შ) კვადროციკლი − მცირე კვადროციკლისაგან განსხვავებული ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს, ხოლო დაუტვირთავი მასა აღემატება 350 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 400 კგ-ს, ან 550 კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად. ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ ჩაითვლება. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს ტრიციკლისათვის გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს, ითვლება მოტორიზებულ ტრიციკლად; ჩ) კიდულძრავიანი ველოსიპედი − ორ- ან სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია შიგაწვის ძრავათი, რომლის ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ 3 -ს, ხოლო მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე − 45 კმ/სთ-ს და რომელსაც აქვს ველოსიპედისთვის დამახასიათებელი თვისებები, კერძოდ, მოძრაობს სატერფულების ან სახელურების მეშვეობით; ც) კონტეინერი – 1972 წლის „კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენციით“ გათვალისწინებული განმარტება; ძ) კონსტრუქციული სიჩქარე − სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარე; წ) მანევრი − მოძრაობის დაწყება, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა, მობრუნება, უკუსვლით მოძრაობა, დაბრკოლების შემოვლა ან/და მოძრაობის ზოლის შეცვლა (გადაჯგუფება); ჭ) მარეგულირებელი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საგზაო მოძრაობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს, საგზაო მოძრაობის მონაწილეს შეუზღუდოს მოძრაობა, შეუცვალოს მიმართულება ან/და შეაჩეროს მისი მოძრაობა; ხ) მგზავრი − პირი, რომელიც იმყოფება ან ადის სატრანსპორტო საშუალებაში (სატრანსპორტო საშუალებაზე) ან ჩამოდის სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ მართავს მას; ჯ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი (თვითმავალი) სატრანსპორტო საშუალება, გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა, მოპედისა და მასთან გათანაბრებული სხვა სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებისა; ჰ) მეხრე − გზაზე სასაპალნე, შესაბმელი ან საჯდომი პირუტყვის, ფარის, ნახირის ან ჯოგის გამრეკი, წამყვანი ან გამცილებელი; ჰ 1 ) მთავარი გზა − 2.1, 2.3.1, 2.3.2, 2.3.3 ან 5.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა გადასაკვეთ (მიერთებულ) გზასთან შედარებით, ან გზა მიმდებარე ტერიტორიიდან გამომავალ გამოსასვლელთან შედარებით, ან მკვრივსაფრიანი (ასფალტის, ცემენტბეტონის, ქვის ან სხვა მსგავსი მასალის) გზა გრუნტოვანთან შედარებით. მეორეხარისხოვან გზაზე, უშუალოდ გზაჯვარედინის წინ, გზის საფრიანი უბნის არსებობა არ ათანაბრებს მას გადასაკვეთ (მიერთებულ) გზასთან; ჰ 2 ) მიმდებარე ტერიტორია – ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა); ჰ 3 ) მისაბმელი − სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი აგრეთვე მოიცავს ნახევარმისაბმელსა და მისაბმელ-სახსნელს; ჰ 4 ) მობილური კომუნიკაციის საშუალება – ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უწყვეტი სატელეფონო საუბრის წარმოება ორ ან ორზე მეტ ფიზიკურ პირს შორის ან/და ტექსტური ინფორმაციის გადაცემა და მიღება; ჰ 5 ) მოპედი – ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ 3 -ს, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს. მოპედთან გათანაბრებულია კიდულძრავიანი ველოსიპედი, მსუბუქი კვადროციკლი და ტრიციკლი (გარდა მოტორიზებული ტრიციკლისა); ჰ 6 ) მოტოციკლი − ორთვლიანი ძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ეტლით ან მის გარეშე. მოტოციკლთან გათანაბრებულია სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის დაუტვირთავი მასა არ აღემატება 400 კგ-ს; ჰ 7 ) მოძრაობის ზოლი − გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე; ჰ 8 ) მსუბუქი ავტომობილი − 3 500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება; ჰ 9 ) მსუბუქი კვადროციკლი − ოთხთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ 3 -ს, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს და რომლის დაუტვირთავი მასა (ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აკუმულატორის მასის ჩაუთვლელად) არ აღემატება 350 კგ-ს; ჰ 10 ) მსუბუქი მისაბმელი − მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს; ჰ 11 ) მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. მძღოლთან გათანაბრებულია მეხრე, რომელიც გზაზე მიერეკება, მიჰყავს ან აცილებს სასაპალნე, შესაბმელ ან საჯდომ პირუტყვს, ფარას, ჯოგს ან ნახირს; ჰ 12 ) ნახევარმისაბმელი − მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ავტომობილზე ისეთი სახით ჩასაბმელად, როდესაც მისი ნაწილი ეყრდნობა ავტომობილს და ავტომობილზევე მოდის ნახევარმისაბმელის და მისი ტვირთის მასის მნიშვნელოვანი ნაწილი; ჰ 13 ) ნებადართული მაქსიმალური მასა (დასაშვები წონა) − დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, რომელიც დასაშვებად არის გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება; ჰ 14 ) ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი − თვითბალანსირებადი, ორთვლიანი და ერთღერძიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ერთი ადამიანის გადასაყვანად და რომელიც ამოძრავდება ელექტროენერგიის ძალით; ჰ 15 ) ორგანიზებული სატრანსპორტო კოლონა – ლურჯი ან ლურჯი და წითელი მოელვარე შუქურებჩართული მეწინავე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თანხლებით, ერთსა და იმავე მოძრაობის ზოლზე ერთმანეთის მიყოლებით, მუდმივად ჩართული ფარებით მოძრავი სამი ან სამზე მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისაგან შემდგარი ჯგუფი; ჰ 16 ) რკინიგზის გადასასვლელი − გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგების ერთ დონეზე გადაკვეთა; ჰ 17 ) საგზაო მონიშვნა − სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის შეზღუდვისა და რეჟიმის შესახებ; ჰ 18 ) საგზაო მოძრაობა – საგზაო მოძრაობის მონაწილის გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე გადაადგილებისას წარმოქმნილი ურთიერთობები; ჰ 19 ) საგზაო მოძრაობის მონაწილე − პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი; ჰ 20 ) საგზაო მოძრაობის ორგანიზება – სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მართვას; ჰ 21 ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზებისა და მისი მძიმე შედეგების თავიდან აცილებისაკენ მიმართული საქმიანობა; ჰ 22 ) საგზაო ნიშანი − განსაკუთრებული ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს ატყობინებს საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ; ჰ 23 ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა – გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი ან ნაგებობა; ჰ 24 ) საერთაშორისო მოძრაობა − რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი სატრანსპორტო საშუალება მიიჩნევა საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად, თუ იგი: ჰ 24 .ა) ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს; ჰ 24 .ბ) არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში; ჰ 24 .გ) ამ სახელმწიფოში შემოტანილია დროებით, მაგრამ არა უმეტეს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი ვადისა. შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად ითვლება, თუ მასში შემავალი თუნდაც ერთი სატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ჰ 25 ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი და გასაჩერებელი პუნქტებით (გაჩერებებით) აღნიშნული, დადგენილი მარშრუტით მოძრავი საერთო სარგებლობის სატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი); ჰ 26 ) სამუხრუჭე მანძილი − მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე; ჰ 27 ) სასოფლო-სამეურნეო მანქანა − სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად და რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ან ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა. სასოფლო-სამეურნეო მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება; ჰ 28 ) სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი − თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა ორი ან ორზე მეტი ღერძით; ჰ 29 ) სატვირთო ავტომობილი − ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს; ჰ 30 ) სატრანსპორტო კოლონა − ორგანიზებულად, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი ორი ან ორზე მეტი სატრანსპორტო საშუალება; ჰ 31 ) სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება; ჰ 32 ) სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა − ჩაბმული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საგზაო მოძრაობაში მონაწილეობენ, როგორც ერთი მთლიანობა; ჰ 33 ) საცხოვრებელი ზონა − განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით; ჰ 34 ) საწევარი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ნახევარმისაბმელთან ერთად ექსპლუატაციისათვის; ჰ 35 ) საჭაპანო ტრანსპორტი − თვლიანი ან უთვლო სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, რომელიც გზაზე მასში შებმული პირუტყვის ძალის მეშვეობით გადაადგილდება; ჰ 36 ) სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა − თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად და რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები. სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება; ჰ 37 ) სრული მასა − ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი. სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის სრული მასა გამოიანგარიშება მასში შემავალი სატრანსპორტო საშუალებების სრულ მასათა ჯამით; ჰ 38 ) ტრიციკლი − სიმეტრიულად განლაგებული სამი ბორბლის მქონე ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავას (თუ მას აქვს შიგაწვის ძრავა) ცილინდრის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ 3 -ს ან/და კონსტრუქციული სიჩქარე − 45 კმ/სთ-ს; ჰ 39 ) ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის; ჰ 40 ) უპირატესობა (პრიორიტეტი) – საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით; ჰ 41 ) ქვეითად გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია 5.16.1 და 5.16.2 საგზაო ნიშნებით ან/და 1.14.1–1.14.3 საგზაო მონიშვნებით. თუ ასეთი საგზაო მონიშვნები არ არის, ქვეითად გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.16.1 და 5.16.2 საგზაო ნიშნებს შორის მანძილით; ჰ 42 ) ქვეითი − საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას, ციგას ან სხვა მსგავს დამხმარე საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ან ინვალიდის ეტლი ან სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე ინვალიდი, რომელიც ინვალიდის ეტლით გადაადგილდება; ჰ 43 ) შეზღუდული ხილვადობა − გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას; ჰ 44 ) შესახსრებული ავტობუსი – ავტობუსი, რომელიც სექციებისაგან შედგება. ასეთი ავტობუსის სექციებს შორის შესაძლებელი უნდა იყოს მგზავრთა შეუზღუდავი გადაადგილება. ამ სექციების შეერთება და განცალკევება დასაშვებია მხოლოდ ქარხნული წესით; ჰ 45 ) შუქნიშანი − ელექტრომოწყობილობა, რომელიც გამოიყენება გზაზე საგზაო მოძრაობის ფერადი შუქების მეშვეობით რეგულირებისათვის. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1747 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.248 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2964 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.112 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3395 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.216 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4221 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.54 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2474 - სსმ №50, 31.12.2009 წ., მუხ.391 საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №29
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 აგვ. 2012 – 1 მარ. 2014 ტექსტი უცნობია
1 იან. 2011 – 25 მაი. 2012 ტექსტი უცნობია
24 დეკ. 2010 – 1 იან. 2011 ტექსტი უცნობია
1 იან. 2009 – 24 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

