საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
მუხლი 2. კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „ადგილობრივი სარკინიგზო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა)“ – მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში; ბ) „არასაერთო სარგებლობის ადგილები“ – დახურული და ღია საწყობები, აგრეთვე რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალურად გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც არ არის რკინიგზის მფლობელობაში ან მის მიერ იჯარით გადაცემულია სხვა პირთა სარგებლობაში და გამოიყენება ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის დატვირთვის, გადმოტვირთვის, დახარისხებისა და შენახვისათვის; გ) „ბარგი“ – მგზავრის ქონება, რომელიც გადაიზიდება საბარგო ვაგონით; დ) ბილეთი − მატერიალური ან ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც მგზავრს აძლევს მატარებლით მგზავრობის უფლებას და რკინიგზისთვის წარმოშობს მისი გადაყვანის ვალდებულებას. ბილეთი ადასტურებს მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულების დადების ფაქტს; ე) „გადამეტტვირთი“ – სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში დადგენილ ნორმაზე მეტი ოდენობით ჩატვირთული ტვირთი; ვ) „გადამზიდველი“ – პირი, რომელიც გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვას მის მფლობელობაში არსებული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით; ზ) „გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტები“ – ბილეთი, ბარგის ქვითარი, ტვირთ-ბარგის ზედნადები, საგზაო უწყისი, სავაგონო ფურცელი და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობას; თ) „გასხვისების ზოლი“ – რკინიგზის მფლობელობაში არსებული მიწის ვაკისი, რომელზედაც განლაგებულია ხელოვნური და სახაზო-სალიანდაგო ნაგებობები, რკინიგზის ელექტრომომარაგებისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები, რკინიგზის სადგურები, დამცავი ტყე-ნარგავები და რკინიგზის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ობიექტები და რკინიგზის სტრუქტურული ერთეულები; ი) „დამატებითი საფასური“ – გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების (სამუშაოების) საფასური, რომელიც არ შედის გადაყვანა-გადაზიდვის ტარიფში; კ) „დამცავი ზონა“ – რკინიგზის ნაგებობების, მოწყობილობებისა და სხვა ობიექტების დაცვის, მიწის ვაკისის სიმკვრივისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად საჭირო მიწის ნაკვეთი, აგრეთვე მისი მომიჯნავე მცოცავი მიწა; ლ) „ექსპედიტორი“ – პირი, რომელიც შემკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯით ახორციელებს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას; მ) „ვაგონი“ – ღია ან დახურული, ლითონისბორბლებიანი სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია მატარებელში ჩასართავად საჭირო ყველა საშუალებით და განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადასაზიდად; ნ) „ვაგონის სახეობა“ – ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი უნივერსალური ან სპეციალური ვაგონი; ო) „ზედნადები“ – გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელიც წერილობით ფორმდება რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის, თან ახლავს ტვირთს მისი მსვლელობის მთელ გზაზე და შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მონაცემებს ტვირთის გადაზიდვის შესახებ; პ) „კონტეინერი“ – მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო მოწყობილობა, რომლის კონსტრუქცია უზრუნველყოფს გადასაზიდი ტვირთის დაცვას ერთი ან სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებაში და აღჭურვილია სამარჯვებით დატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის დასაჩქარებლად; ჟ) „კონტრაჰენტი“ – ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რომელსაც მისასვლელი ლიანდაგის ფარგლებში აქვს თავისი სასაქონლო საწყობები, დატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის განკუთვნილი შესაბამისი ადგილები და მასთან მიერთებული სარკინიგზო ლიანდაგები; რ) „ლიანდი“ – რელსებს შორის დადგენილი მანძილი; ს) „ლოკომოტივი“ – მოძრავ შემადგენლობას მიკუთვნებული ძალური გამწევი საშუალება, რომელიც განკუთვნილია სარკინიგზო ლიანდაგზე მატარებლის ან ვაგონის გადაადგილების უზრუნველსაყოფად; ტ) მატარებელი − სათანადო სიგნალებით აღჭურვილი ვაგონებისგან ან/და სხვა ნებისმიერი სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებისგან ფორმირებული შემადგენლობა ერთი ან რამდენიმე მოქმედი გამწევი საშუალებით, აგრეთვე თვითმავალი სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადასარბენზე იგზავნება; უ) „მგზავრი“ – პირი, რომელიც მგზავრობს მატარებლით და აქვს ბილეთი; ფ) „მულტიმოდალური (კომბინირებული) გადაზიდვა“ – გადაზიდვები, რომლებიც ხორციელდება ერთი გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, არანაკლებ ორი სახეობის სატრანსპორტო საშუალებითა და ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით (გადაზიდვები ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების მიერ); ქ) „მისასვლელი ლიანდაგი“ – ლიანდაგი, რომელიც განკუთვნილია ცალკეულ პირთა მომსახურებისათვის და მიერთებულია საერთო სარგებლობის სარკინიგზო ქსელთან; ღ) „პალეტი“ – სატრანსპორტო პაკეტი ან ქვეშზე მოთავსებული, ცელოფნით შეფუთული ტვირთი; ყ) „პლაცკარტი“ – სამგზავრო ვაგონის კატეგორიისა და კლასის შესაბამისი საწოლი ადგილი; შ) „რკინიგზა“ – მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადასაზიდად საჭირო ყველა ტექნიკური საშუალებით აღჭურვილი, კომპლექსური საწარმო, რომლის მომსახურებას უზრუნველყოფენ ამ საშუალებების ექსპლუატაციისა და გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზების განმახორციელებელი სპეციალისტები და რომლის საქმიანობა რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით; ჩ) „რკინიგზის ვაგზალი“ – ერთ რკინიგზის სადგურზე განლაგებულ ნაგებობათა და მოწყობილობათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს მგზავრთა მომსახურებისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებს, პავილიონებს, მგზავრთა ჩასასხდომ – ფარდულიან ან უფარდულო პლატფორმებს, ერთ ან სხვადასხვა დონეზე მდებარე გადასასვლელებს, მცირე არქიტექტურულ ფორმებსა და ვიზუალურ კომუნიკაციებს; ც) რკინიგზის სადგური − სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ობიექტი, სადაც შეიძლება დაიწყოს, შეჩერდეს ან დასრულდეს სარკინიგზო მომსახურების გაწევა და რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ორგანიზებისთვის; ც 1 ) რკინიგზის სადგურის მენეჯერი − იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია ერთი ან ერთზე მეტი რკინიგზის სადგურის მართვისთვის და რომელიც იმავდროულად შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურის მენეჯერი; ძ) „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა“ – ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის საფასურის დაწესებისა და რეგულირების წესს; წ) (ამოღებულია - 29.04.2025, №508) ; ჭ) (ამოღებულია - 29.04.2025, №508) ; ხ) საერთაშორისო გადაზიდვა – ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით ტვირთის გადაზიდვა/გაგზავნა დანიშნულებისა და სატრანზიტო ქვეყნების საბაჟო ტერიტორიებზე, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის საზღვრის გადაკვეთით, ერთი ქვეყნის ნებისმიერი საბაჟო გამშვები პუნქტიდან მეორე ქვეყნის ერთი ან რამდენიმე შუალედური საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით; ჯ) „საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა)“ – მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის; ჯ 1 ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი − იურიდიული პირი ან მისი ორგანიზაციული/სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია მოძრავი შემადგენლობის მოვლა-შენახვისთვის ან/და ტექნიკური მომსახურებისთვის; ჯ 2 ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი − სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად; ჯ 3 ) ტუროპერატორი − „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტუროპერატორი; ჯ 4 ) ბილეთების გამყიდველი − პირი, რომელიც ახორციელებს რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებით საცალო ვაჭრობას და ყიდის ბილეთებს, მათ შორის, პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის ბილეთებს, ერთ ან ერთზე მეტ სარკინიგზო საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების საფუძველზე; ჯ 5 ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი − პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ჯ 6 ) გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირი − ფიზიკური პირი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ არის, თუმცა რომლის ნებისმიერი მიზეზით გადაადგილება შეზღუდულია და რომელიც საჭიროებს სათანადო ყურადღებას, რათა მან სხვა მგზავრების მსგავსად შეძლოს სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობა; ჯ 7 ) დანიშნულების პუნქტი − ბილეთში მითითებული გადმოსხდომის პუნქტი; ჰ) „საერთო სარგებლობის ადგილები“ - დახურული და ღია საწყობები, აგრეთვე რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალურად გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც რკინიგზის მფლობელობაშია და გამოიყენება ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის დატვირთვის, გადმოტვირთვის, დახარისხებისა და შენახვისათვის; ჰ 1 ) „საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგი“ – სარკინიგზო ხაზი, რომელზედაც განლაგებულია რკინიგზის სადგურები და რომლით სარგებლობაც შეუძლია ნებისმიერ პირს; ჰ 2 ) „სამარშრუტო გადაზიდვა“ – ერთი ზედნადებით გადაზიდვა ტვირთისა, რომლის მასა შეესაბამება მარშრუტის წონით ნორმას; ჰ 3 ) „სარკინიგზო ლიანდაგი“ – წყვილი ლიანდაგი, რომელზედაც მოძრაობს მატარებელი; ჰ 4 ) (ამოღებულია - 29.04.2025, №508) ; ჰ 5 ) „სარკინიგზო ქსელი“ – მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგი მასთან მიერთებული ლიანდაგებით, მათ შორის, მისასვლელი ლიანდაგებით; ჰ 6 ) მოძრავი შემადგენლობა − სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა − ლოკომოტივები, სატვირთო ვაგონები, სამგზავრო ვაგონები, ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობა და გადაზიდვების განხორციელებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი სხვა სპეციალური თვითმავალი და არათვითმავალი სარკინიგზო სვლის ერთეულები; ჰ 7 ) სასაზღვრო რკინიგზის სადგური – საქართველოს სახელმწიფო საზღვართან ან საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგური, სადაც სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთისა და სხვა გადასაზიდი ქონების მიმართ ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი და საბაჟო კონტროლი; ჰ 8 ) სასაზღვრო საკონტროლო პოსტი – სასაზღვრო რკინიგზის სადგურზე გამოყოფილი ტერიტორია, სადაც ხორციელდება საზღვარზე გატარებასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საბაჟო პროცედურები; ჰ 9 ) „სატვირთო ვაგონი“ – ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ვაგონი; ჰ 10 ) სახიფათო ტვირთი − საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც კლასიფიცირებულია საშიშროების ტიპის მიხედვით და რომელთა გადაზიდვა, „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართის − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის (RID) ან/და რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის 1951 წლის 1 ნოემბრის „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (СМГС) მე-2 დანართის შესაბამისად, აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით; ჰ 11 ) „ტვირთ-ბარგი“ – ქონება, რომელიც გადაიზიდება სამგზავრო ან საფოსტო-საბარგო მატარებლით; ჰ 12 ) „ტვირთგამგზავნი“ – პირი, რომლის მიერ ან რომლის სახელით იდება ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ხელშეკრულება, ან რომლის მიერ ან რომლის სახელით ტვირთი, ბარგი, ტვირთ-ბარგი და ფოსტა ბარდება რკინიგზას, გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად; ჰ 13 ) „ტვირთი“ – ქონება, მათ შორის, ცოცხალი ცხოველები, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები ან ანალოგიური საგნები, გადასაზიდი ან შესაფუთი მოწყობილობები, რომლებიც ტვირთმფლობელის მიერ მიწოდებულია გადასაზიდად; ჰ 14 ) „ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გამოცხადებული ფასეულობა“ – ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) ტვირთგამგზავნის ან მგზავრის მიერ გამოცხადებული ფასი, რომელიც აღინიშნება ზედნადებში და გამოხატავს ტვირთგამგზავნის ან მგზავრის განსაკუთრებულ დაინტერესებას მოცემული გადაზიდვით; ჰ 15 ) „ტვირთმიმღები“ – ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის მიღების უფლებამოსილების მქონე პირი; ჰ 16 ) „უკმარტვირთი“ – სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში დადგენილ ნორმაზე ნაკლები ოდენობით ჩატვირთული ტვირთი; ჰ 17 ) „ხელბარგი“ – მგზავრის კუთვნილი, ხელით გადასაზიდი ქონება, რომელიც შეიძლება თავისუფლად განთავსდეს სამგზავრო ვაგონში გამოყოფილ სათავსოებში; ჰ 18 ) საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება − სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით/საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურება, რომელიც საზოგადოებას რეგულარულად, დისკრიმინაციის გარეშე მიეწოდება და რომლის გაწევის საჯარო ეკონომიკური ინტერესიც არსებობს; ჰ 19 ) კომპეტენტური ორგანო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო; ჰ 20 ) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორი (სარკინიგზო ოპერატორი) − ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა ჯგუფი, რომელიც საზოგადოებრივ სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურებას საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ეწევა; ჰ 21 ) საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება − მოთხოვნა, რომელსაც განსაზღვრავს კომპეტენტური ორგანო, რათა საჯარო ეკონომიკური ინტერესის გათვალისწინებით უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევა, რომლის გაწევის კომერციული ინტერესი საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს არ აქვს და რომელსაც სარკინიგზო ოპერატორი კომერციული სარგებლის მიღების გარეშე საერთოდ არ გასწევდა ან იმავე ოდენობით ან/და პირობებით არ გასწევდა; ჰ 22 ) ექსკლუზიური უფლება − საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული ექსკლუზიური უფლება, ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისგან განსხვავებით, ექსკლუზიურად, გარკვეულ მიმართულებაზე, განსაზღვრულ სარკინიგზო ქსელზე ან ტერიტორიაზე გასწიოს საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება; ჰ 23 ) საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაცია (კომპენსაცია) − საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა, რომელიც საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში კომპეტენტურმა ორგანომ საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს უნდა გადაუხადოს; ჰ 24 ) საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება − კომპეტენტურ ორგანოსა და საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც სარკინიგზო ოპერატორს აკისრებს საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულებას, რის სანაცვლოდაც სარკინიგზო ოპერატორი უფლებამოსილია კომპეტენტური ორგანოსგან საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაცია მიიღოს; ჰ 25 ) პირდაპირი მინიჭება − საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების უფლების პირდაპირი წესით, კონკურენტული შერჩევის პროცედურის ან სატენდერო პროცედურის გარეშე მინიჭება. ჰ 26 ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო; ჰ 27 ) მატარებლის მემანქანე (შემდგომ − მემანქანე) − პირი, რომელსაც აქვს მემანქანის მართვის მოწმობა და მემანქანის სერტიფიკატი და შეუძლია დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ და შესაბამისი პასუხისმგებლობით მართოს მატარებელი, მათ შორის, ლოკომოტივი, სამანევრო ლოკომოტივი, ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობა, სპეციალური თვითმავალი მოძრავი შემადგენლობა, სამეურნეო მატარებელი, მოვლა-შენახვისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მანქანა-მოწყობილობა და მატარებელი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად/ტვირთის გადასაზიდად; ჰ 28 ) რკინიგზის სისტემა − სისტემა, რომელიც მოიცავს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და მოძრავ შემადგენლობას, რომელიც ამ ინფრასტრუქტურაზე გადაადგილდება; ჰ 29 ) ინფრასტრუქტურის მენეჯერი − იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მართვისა და მოვლა-შენახვისთვის, მათ შორის, მოძრაობის მართვისთვის, აგრეთვე სიგნალიზაციის, მემანქანის მართვისა და კონტროლის სისტემებზე, სარკინიგზო ქსელზე ან მის ნაწილზე. ინფრასტრუქტურის მენეჯერის ფუნქციები შეიძლება სხვა პირს გადაეცეს; ჰ 30 ) სარკინიგზო საწარმო/გადამზიდველი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა რკინიგზით ტვირთის გადაზიდვა ან/და მგზავრთა გადაყვანა, იმ დაშვებით, რომ იგი უზრუნველყოფს მატარებლების წევის განხორციელებას. სარკინიგზო საწარმოდ მიიჩნევა აგრეთვე ის იურიდიული პირი, რომელიც მხოლოდ მატარებლების წევას ახორციელებს; ჰ 31 ) მემანქანის სერტიფიკატი − სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (ინფრასტრუქტურის მონაკვეთი) და მოძრავი შემადგენლობა, რომლებზედაც ამ დოკუმენტის მფლობელს აქვს მემანქანის მართვის უფლება; ჰ 32 ) სასწავლო ცენტრი − იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მემანქანეთა პროფესიულ სწავლებას სააგენტოს მიერ მინიჭებული შესაბამისი სტატუსის საფუძველზე; ჰ 33 ) მემანქანის მართვის მოწმობა − სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ შესაბამისი პირი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო მოთხოვნებს; ჰ 34 ) განმცხადებელი − დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მიიღოს მემანქანის მართვის მოწმობა ან მემანქანის სერტიფიკატი; ჰ 35 ) სარკინიგზო შემთხვევა − არასასურველი, წინასწარ გაუცნობიერებელი და მოულოდნელი მოვლენა ან ასეთ მოვლენათა ერთობლიობა, რომელიც ზიანს იწვევს. სარკინიგზო შემთხვევა იყოფა შემდეგ კატეგორიებად: მატარებლების შეჯახება, მატარებლის რელსიდან აცდენა, სარკინიგზო გადასასვლელზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევა, სარკინიგზო შემთხვევა, რომელიც მოძრავი შემადგენლობის გადაადგილებისას შეემთხვა ადამიანს ხანძრის ან სხვა ფაქტორის გამო და რომლის შედეგადაც მის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა, თუ ეს არ არის სერიოზული სარკინიგზო შემთხვევა; ჰ 36 ) სერიოზული სარკინიგზო შემთხვევა – მატარებლების შეჯახება ან მატარებლის რელსიდან აცდენა, რის შედეგადაც დაიღუპა თუნდაც ერთი ადამიანი ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო ხუთმა ან ხუთზე მეტმა ადამიანმა, მატარებლების შეჯახება ან მატარებლის რელსიდან აცდენა, რის შედეგადაც მოძრავ შემადგენლობას, სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ან გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, აგრეთვე სხვა, მსგავსი შემთხვევა, რომელიც აშკარა გავლენას ახდენს სარკინიგზო უსაფრთხოების რეგულირებაზე ან უსაფრთხოების მართვაზე; ჰ 37 ) ინციდენტი − შემთხვევა, რომელიც არ კვალიფიცირდება სარკინიგზო შემთხვევად ან სერიოზულ სარკინიგზო შემთხვევად, მაგრამ გავლენას ახდენს სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოებაზე; ჰ 38 ) უსაფრთხოების სერტიფიკატი − სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს სარკინიგზო საწარმოს მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვას და განზრახულ სამოქმედო არეალში მისი უსაფრთხო ოპერირების შესაძლებლობას; ჰ 39 ) უსაფრთხოების ავტორიზაცია − სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული ავტორიზაცია, რომელიც მოწმობს ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვას, რაც, თავის მხრივ, უნდა მოიცავდეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო დაპროექტებისთვის, მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციისთვის (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სიგნალიზაციის, მართვისა და კონტროლის სისტემების მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციისთვის) საჭირო პროცედურებსა და წესებს; ჰ 40 ) სარკინიგზო ინფრასტრუქტურა − ამ კოდექსის დანართში ჩამოთვლილი, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შემადგენელი კომპონენტები/დეტალები. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1872 - სსმ I , № 41, 19.07.2005წ., მუხ.295 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5947 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6146 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6355 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
