1.შუქნიშანზე გამოყენებულია მწვანე, ყვითელი, წითელი და მოყვითალო ფერის მაშუქი სიგნალები. შუქნიშნის მაშუქი სიგნალები გამოისახება ისრით, (ისრებით), ქვეითის ან ველოსიპედისტის სილუეტითა და X ნიშნით. მრავალსიგნალიან შუქნიშანს შეიძლება ჰქონდეს მრგვალი მწვანე სიგნალის დონეზე განლაგებული მწვანე ისრიანი (ისრებიანი) სიგნალების ორი დამატებითი სექცია.
2.შუქნიშნის მრგვალ სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:ა) მწვანე სიგნალი – რთავს მოძრაობის ნებას; ბ) მწვანე მოციმციმე სიგნალი – რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აწვდის ინფორმაციას, რომ მისი მოქმედების დრო იწურება და მალე ჩაირთვება ამკრძალავი სიგნალი. მწვანე მოციმციმე სიგნალის ჩაქრობამდე დარჩენილი დროის (წამების) შესახებ მძღოლის დამატებით ინფორმირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ციფრობრივი დაფა; გ) ყვითელი სიგნალი – კრძალავს მოძრაობას, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, და იძლევა ინფორმაციას სიგნალის შეცვლის შესახებ; დ) ყვითელი მოციმციმე სიგნალი – რთავს მოძრაობის ნებას და იძლევა აწვდის ინფორმაციას არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საშიშროების შესახებ; ე) წითელი სიგნალი, აგრეთვე წითელი მოციმციმე სიგნალი კრძალავს მოძრაობას. წითელი და ყვითელი სიგნალების ერთობლივი ჩართვა კრძალავს მოძრაობას და იძლევა ინფორმაციას მწვანე სიგნალის ჩართვის შესახებ.
3.მწვანე, ყვითელი და წითელი ფერის ისრიანი (ისრებიანი) ან შუქნიშნის სიგნალებს იგივე მნიშვნელობა აქვთ, რაც შესაბამისი ფერის მრგვალ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით მითითებული მიმართულებით (მიმართულებებით). ამასთან, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს შესაბამისი საგზაო ნიშნით არ არის აკრძალული. იგივე მნიშვნელობა აქვს მწვანე ისარს დამატებით სექციაში. დამატებითი სექციის გამორთული სიგნალი იძლევა ინფორმაციას, რომ მოძრაობა აკრძალულია ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით.
4.შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე აღბეჭდილი შავი კონკრეტული ისარი (ისრები) მძღოლს აწვდის ინფორმაციას შუქნიშნის დამატებითი სექციის არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ სექციის სიგნალისაგან განსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართულ მიმართულებებს.
5.თუ შუქნიშნის სიგნალზე ქვეითის ან ველოსიპედისტის სილუეტია გამოსახული, მისი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ქვეითზე ან ველოსიპედისტზე. ამასთან, მწვანე სიგნალი ნებას რთავს, ხოლო წითელი კრძალავს ქვეითის ან ველოსიპედისტის მოძრაობას. ველოსიპედისტთა მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება შემცირებული ზომის მრგვალსიგნალიანი შუქნიშანი სწორკუთხოვანი (200X200 მმ) თეთრი ფერის დამატებითი დაფით, რომელზედაც აღბეჭდილია შავი ფერის ველოსიპედის სილუეტი.
6.სავალ ნაწილზე გადასვლის შესაძლებლობის შესახებ ბრმა ქვეითის ინფორმირებისათვის შუქნიშნის შუქურა სიგნალებს ემატება აგრეთვე ხმოვანი სიგნალი.
7.სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშნები, წითელი ფერის X ნიშნის სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალები შესაბამისად კრძალავს ან ნებას რთავს იმ ზოლზე მოძრაობას, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსული შუქნიშნის ძირითად სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ – მარჯვნივ ან მარცხნივ დახრილისრიანი ყვითელი სიგნალი, რომლის ჩართვა იძლევა ინფორმაციას სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ.
8.ტრამვაისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, აგრეთვე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება შუქნიშნები ერთი და იმავე ფერის სიგნალიზაციით, T ნიშნის მსგავსად განლაგებული მოყვითალო ფერის ოთხი მრგვალი სიგნალით. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა სიგნალი, რომელთა შორის მარცხენა – მარცხნივ, საშუალო – პირდაპირ, მარჯვენა კი მარჯვნივ მოძრაობის უფლებას იძლევა. თუ მხოლოდ სამი ზედა სიგნალია ჩართული, მოძრაობა აკრძალულია.
9.რკინიგზის გადასასვლელზე არსებული მოყვითალო ფერის მრგვალი მოციმციმე სიგნალი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უფლებას იძლევა. თუ მოციმციმე მოყვითალო და წითელი ფერის სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).
10.მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ხელები განზეა გაშვერილი ან ჩამოშვებული: ა.ა) მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს – პირდაპირ და მარჯვნივ, ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე; ა.ბ) მარეგულირებლის მკერდისა და ზურგის მხრიდან – ყველა სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის მოძრაობა აკრძალულია; ბ) მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი: ბ.ა) მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს – ყველა მიმართულებით; ბ.ბ) მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ; ბ.გ) მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია; ბ.დ) ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგს უკან; გ) ხელი ზემოთ არის აწეული: გ.ა) ყველა სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის მოძრაობა ნებისმიერი მიმართულებით აკრძალულია, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
11.მარეგულირებელს ხელების საშუალებით შეუძლია მძღოლსა და ქვეითს მისცეს სხვა გასაგები სიგნალები და ამისათვის გამოიყენოს კვერთხი ან დისკო წითელი სიგნალით (შუქამრეკლით).
12.მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლა – მოლაპარაკე მოწყობილობის ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით. ამ შემთხვევაში მძღოლი ჩერდება მითითებულ ადგილზე.
13.სასტვენით მიცემული დამატებითი სიგნალი გამიზნულია მოძრაობის მონაწილეთა ყურადღების მისაპყრობად.
14.შუქნიშნის (რევერსულის გარდა) ან მარეგულირებლის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან (5.33 ნიშანთან), ხოლო თუ ის არ არის: ა) გზაჯვარედინზე – გადასაკვეთ სავალ ნაწილზე (ამ კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება ქვეითს; ბ) რკინიგზის გადასასვლელის წინ – ამ კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; გ) სხვა ადგილებში – შუქნიშნის ან მარეგულირებლის წინ ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, რომლებსაც მიეცათ მოძრაობის უფლება.
15.მძღოლს, რომელსაც ყვითელი სიგნალის ჩართვის ან მარეგულირებლის მიერ ხელის ზემოთ აწევის დროს დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას იმყოფება სავალ ნაწილზე, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ქვეითი უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.
16.მძღოლი და ქვეითი ასრულებენ სიგნალების მოთხოვნებსა და მარეგულირებლის განკარგულებებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ეწინააღმდეგება შუქნიშნის სიგნალებს, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს.
17.რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშნის წითელ მოციმციმე სიგნალთან ერთად მიეცემა ხმოვანი სიგნალი, რომელიც მოძრაობის სხვა მონაწილეებს დამატებით აწვდის ინფორმაციას გადასასვლელზე მოძრაობის აკრძალვის შესახებ.

